ზუგდიდში ვლაქერნობას აღნიშნავენ
ზუგდიდში ვლაქერნობას აღნიშნავენ

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს ზეიმობს.

ზუგდიდცაიშისა და გერმანია- ავსტრიის მიტროპოლიტმა გერასიმემ, სამღვდელოებასთან და მრევლთან ერთად, ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელი, წმიდა მარინეს, წმიდა კვირიკეს, წმიდა გიორგისა და წმიდა იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილები გამოასვენა, რომელთა თანხლებით სალიტანიო მსვლელობა გაიმართა ივერიის ღვთისმშობლის ხატის მშენებარე საკათედრო ტაძრამდე.

ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი კვართი და წმინდა ნაწილები საკათედრო ტაძარში საღამომდე იქნება დაბრძანებული. სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ მრევლს საშუალება ექნება მოილოცოს სიწმინდეები.

დღევანდელ სადღესასწაულო ლიტურგიას სხვადასხვა ეპარქიის მღვდელმთავრები და მიტროპოლიტმა, მეუფე შიო აღავლენენ.

​ვლაქერნობას ზუგდიდში 1990 წლიდან პატრიარქის ლოცვა კურთხევით ყოველი წლის 15 ივლისს აღნიშნავენ. მორწმუნეები ამ დღეს ზუგდიდს საქართველოს ყველა ეპარქიიდან და უცხოეთიდანაც სტუმრობენ.