ზუგდიდში ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართა
ზუგდიდში ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში განაშენიანების გენერალური გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართა. მათივე ცნობით, დოკუმენტში თავმოყრილია საკვლევი არეალის ფარგლებში მრავალფაქტორული ანალიზის შედეგად ჩამოყალიბებული სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების განხორციელების დეტალური აღწერა და მიდგომები, რომელიც საფუძვლად დაედება გენერალური გეგმის პროექტს.

უწყების ინფორმაციით, კონცეფცია განიხილავს როგორც ქალაქ ზუგდიდის განვითარების სტრატეგიას, ასევე მის როლს შავი ზღვის აუზის რეგიონში.

„პროექტის კონცეფცია რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორისაა: ქალაქ ზუგდიდის როლი კოლხეთის ეროვნულ პარკთან მიმართებით, შემოვლითი გზები, ზუგდიდის უბნების განვითარების ხედვა და შიდა საუბნო მომსახურება, ახალი საცხოვრებელი უბნების განვითარება, მდინარისა და მისი კალაპოტის მოწესრიგება, ახალი სამანქანო და საფეხმავლო კავშირები, ხიდები, ველობილიკების მოწყობა, ბულვარის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება და განვითარება, მიტოვებული სამრეწველო სივრცეების განვითარება, ბაზრის ტერიტორიის მოწესრიგება, ახალი სკოლები და ბაღები, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ეკონომიკური განვითარება, ტურიზმის განვითარება და სხვა. საჯარო განხილვას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს,  სამხარეო ადმინისტრაციის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის, საზოგადოებისა და ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ქალაქის გენგეგმაზე „არტსტუდიოპროექტი“ მუშაობს, რომელმაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა“, – ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი