ზუგდიდში მოძრაობის „სირცხვილია“ სტიკერები ჩამოხიეს
ზუგდიდში მოძრაობის „სირცხვილია“ სტიკერები ჩამოხიეს

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, ელენე ხოშტარიამ და სამოქალაქო აქტივისტმა, გიგა მაქარაშვილმა აქტივისტებთან ერთად ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე, ერთ-ერთ სამშენებლო ღობეზე სტიკერები გააკრეს. დაახლოებით ერთ საათში სტიკერები ჩამოხიეს. აქტივისტებმა სამართალდამცველები გამოიძახეს და სტიკერები ისევ გააკრეს.

იქვე იმყოფებოდა მშენებარე ობიექტის მეპატრონე, რომელმაც განაცხადა, რომ მან ჩამოხია სტიკერები სამშენებლო ღობეზე, რომელიც მისი კერძო საკუთრებაა. მისივე თქმით, არ სურს პოლიტიკური განცხადებები იყოს ღობეზე გაკრული.

მანამდე ელენე ხოშტარიამ ბრიფინგი გამართა და დაგეგმილ აქციაზე ისაუბრა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რაც ხდება რუსთაველის აქციაზე 20 ივნისიდან მოყოლებული. ეს არ არის მხოლოდ რუსთაველისა და თბილისის საკითხი, ეს არის მთელი საქართველოს საკითხი, რადგან მთელ საქართველოში სირცხვილია, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონებში სიარული. გუშინ ადგილობრივ აქტივისტებთან ერთად როდესაც გავაკარით ეს სტიკერები, სასწრაფოდ ჩამოხია ხელისუფლებამ, რადგან მათ ეშინიათ 20 სექტემბერს დიდი, მასობრივი პროტესტის, რომელიც აუცილებლად იქნება. ასევე, პროტესტი იქნება ყველა ქალაქში, რადგან ეს არ არის არავის კუთვნილება, არც პარტიული კუთვნილებაა, არც რამე ქალაქის კუთვნილება. საქართველოს მომავალი იქნება დამოკიდებული იმაზე, რამდენად აქტიურები იქნებიან დღეს მოქალაქეები. ამიტომ ყოველ ჯერზე, როდესაც ჩამოხევენ, მიიღებენ ახალს, უფრო მეტს. ყოველ ჯერზე, როდესაც ხელისუფლება მოიქცევა ასე და საზოგადოებას თავისუფალ სიტყვას შეუზღუდავს, მიიღებს კიდევ უფრო დიდ პროტესტს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მისი თქმით, სუს-ი აშინებს ადამიანებს. ელენე ხოშტარიას განცხადებით, სამშენებლო ღობე არის საჯარო სივრცე, რომელზეც კანონით ყველა ადამიანს აქვს უფლება, გამოხატოს თავისი აზრი.

„აი, ეს გარემო შექმნა სახელმწიფომ, რომ ადამიანები ჰყავს დაშინებული. 20 სექტემბერს გამოდი ქვეყნის სამსახურში ამის გამო“, – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

14 სექტემბერს აქცია „სირცხვილია“ ზუგდიდში გაიმართება.

დატოვე კომენტარი