ზუგდიდში ერთ-ერთი პოლიკლინიკის მედიკოსებმა აქცია გამართეს
ზუგდიდში ერთ-ერთი პოლიკლინიკის მედიკოსებმა აქცია გამართეს

შპს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკის“ 50-მდე თანამშრომელმა აქცია გამართა. მედიკოსების თქმით, არ სურთ, რომ პოლიკლინიკა შეუერთდეს ტატიშვილის ტრამვატოლოგიურ კლინიკას.

გაფიცული ექიმები ამბობენ, რომ პოლიკლინიკის შენობა მათი დანაზოგებით, ასევე მოგების თანხით არის აშენებული და თითქმის 30 წელია, მუშაობს. მათივე თქმით, 45 ათასამდე აფხაზეთიდან დევნილს ემსახურებიან, რომელთა უმეტესობა სოციალურად დაუცველია და კლინიკების გაერთიანება თუ მოხდება, გაიზრდება ტარიფებიც, რაც მათი პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი არ იქნება.

„ჩვენ წინააღმდეგი ვართ, დევნილთა პოლიკლინიკა შეერწყას სხვა პროფილის კლინიკას და მმართველი შეიცვალოს. ათეული წლებია, ვემსახურებით ჩვენს დევნილ მოსახლეობას. დღეს იყო გამაფრთხილებელი აქცია. ველოდებით სამინისტროს პასუხს და თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, პროტესტს გავაგრძელებთ“, – განაცხადა ერთ-ერთმა ექიმმა, ნანა ქობალიამ.

ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკის თანამშრომლებმა უკვე მიმართეს პრემიერ- მინისტრს, ეკონომიკის სამინისტროს, რომ ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკა არ შეუერთდეს სხვა რომელიმე კლინიკას და შეუნარჩუნდეს პროფილი. ექიმების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილება, პროტესტის სხვა ფორმას მიმართავენ.

ამასთან, მედიკოსთა აქციას გამოეხმაურა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. როგორც მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძემ განაცხადა, პოლიკლინიკების გასხვისების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

მისივე თქმით, დაიწყეს თანამედროვე მართვის სისტემის დანერგვა, რომელიც გულისხმობს პოლიკლინიკების ლოკაციურ გაერთიანებას.

„პოლიკლინიკების გასხვისების პროცესი არ მიმდინარეობს, ეს არის სრული დეზინფორმაცია. ჩვენ დავიწყეთ თანამედროვე მართვის სისტემის დანერგვა, რომელიც გულისხმობს პოლიკლინიკების ლოკაციურ გაერთიანებას. აღნიშნული მიმართულია ჩვენი დევნილი მოსახლეობისთვის უკეთესი მომსახურების შეთავაზებისკენ და არავითარ შემთხვევაში, არ გულისხმობს ტარიფების ზრდას. ასევე, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პოლიკლინიკების მართვას განახორციელებს აფხაზეთის ქონების განკარგვისა და მართვის სააგენტო. ჩვენ ეტაპობრივად განვიხილავდით გაერთიანების საკითხს როგორც პოლიკლინიკების პერსონალთან, ასევე მათ დირექტორებთან. ეტაპობრივად ჩვენი წარმომადგენლები ჩადიოდნენ და მსჯელობდნენ მათთან აღნიშნულ საკითხზე. გაერთიანების შედეგად, სწორი მენეჯმენტის საფუძველზე, მოხდება როგორც პერსონალის ხელფასების ზრდა, ასევე საერთო ბენეფიციარების ზრდაც“, – განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

დატოვე კომენტარი