ზუგდიდში „ლიბერთი ბანკის“ ინკასატორების დაყაჩაღების ფაქტზე დაკავებული ერთ-ერთი პირი შსს-ს მოქმედი თანამშრომელია
ზუგდიდში „ლიბერთი ბანკის“ ინკასატორების დაყაჩაღების ფაქტზე დაკავებული ერთ-ერთი პირი შსს-ს მოქმედი თანამშრომელია

ზუგდიდში „ლიბერთი ბანკის“ ინკასატორების დაყაჩაღების ფაქტზე დაკავებული ერთ-ერთი პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია.

დაკავებული ო.ხ. ომის ვეტერანია და სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში რიგით პოზიციაზე 2004 წლიდან არის დასაქმებული.

„ლიბერთი ბანკის“ ინკასატორების დაყაჩაღების ფაქტზე პოლიციამ 1980 წელს დაბადებული გ.ჯ. და 1964 წელს დაბადებული ო.ხ. ბრალდებულის სახით ზუგდიდში 6 მარტს დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით მატერიალური სარგებელის მიღების მიზნით, რამდენიმე ყაჩაღური თავდასხმა დაგეგმეს. გ.ჯ. და ო.ხ. მიმდინარე წლის 2 მარტს, დილის საათებში, ზუგდიდში მდებარე „ლიბერთი ბანკის“ ფილიალთან ბანკის საინკასაციო მანქანას თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს ბანკის ერთ-ერთ ინკასატორს.

„ბრალდებულებმა საინკისაციოდ გამზადებული ფული, ინკასატორების კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღები გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მსუბუქი ავტომობილით მიიმალნენ.

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ დაკავებულებმა ინკასაციის სამსახურის თანამშრომლების დაყაჩაღებამდე რამდენიმე საათით ადრე, ზუგდიდში, სოფელ ონარიაშიც ჩაიდინეს დანაშაული. ნიღბიანმა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა გ.ჯ.-მ და ო.ხ.-მელექტროსადგურის დარაჯებს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, რის შემდეგაც იარაღის მუქარით მათი პირადი ნივთები და კუთვნილი ავტომობილი გასტაცეს. მოგვიანებით, ბრალდებულებმა აღნიშნული მსუბუქი ავტომობილით განახორციელეს ბანკის ინკასატორებზე ყაჩაღური თავდასხმა და დიდი ოდენობით ფულის გატაცება შეძლეს.

პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, გატაცებული ავტომობილი დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში ერთ-ერთ სოფელში მიტოვებული იპოვა.

სამართალდამცველებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები 6 მარტს ზუგდიდში დააკავეს. გატაცებული ფული, დანაშაულის ჩადენის იარაღი – კალაშნიკოვის სისტემის 2 ცეცხლსასროლი იარაღი, ინკასატორებისგან გატაცებული “გირსანის” ტიპის პისტოლეტები, ნიღბები და ელექტროსადგურის დარაჯის კუთვნილი ავტომობილი პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო“,- აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

გამოძიება ორგანიზებული დაჯგუფების მიერ ჩადენილი ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და დაუფლების, ასევე, ჯანმთელობის განზრახ დაზიანების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 143-ე, 236-ე, 237-ე და 118-ე მუხლებით მიმდინარეობს.