ზუგდიდში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ზუგდიდში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

​​ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული ზუგდიდელი მამაკაცის ოჯახის წევრების გამოკვლევა კორონავირუსზე ცოტა ხნის წინ დასრულდა.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების უფროსმა, ანზორ ქობალიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, „კოვიდ-19“-ზე დადებითი პასუხი მიიღეს ინფიცირებული მამაკაცის დედისა და ორი მცირეწლოვანი შვილის ტესტებზე.

42 წლის ზუგდიდელი მამაკაცი 14 მაისს თვითდინებით შევიდა რუხის საავადმყოფოში. მას ცხელება ჰქონდა. 15 მაისს მას კორონავირუსი დაუდასტურდა. პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მას ორმხრივი პნევმონია აქვს.

ინფიცირებული მამაკაცი 17 აპრილს სომხეთიდან ჩამოვიდა, ის თვითიზოლაციაში იყო. 6 და 7 მაისს კი, ფოთსა და თბილისში იმყოფებოდა. მისი ოჯახის ექვსი წევრი კარანტინში იყო გადაყვანილი. მათგან სამს დაუდასტურდა კორონავირუსი. მიმდინარეობს ინფიცირებული მამაკაცის სხვა კონტაქტების მოძიება.