ზუგდიდში კორონავირუსის პრევენციის მიზნით საზოგადოებრივ ტრანსპორტს სადეზინფექციო სამუშაოები უტარდება
ზუგდიდში კორონავირუსის პრევენციის მიზნით საზოგადოებრივ ტრანსპორტს სადეზინფექციო სამუშაოები უტარდება

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ზუგდიდის საზოგადოებრივი ტრანსპორტი სპეციალური ხსნარებით მუშავდება.

როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურში აცხადებენ, რეგიონის მასშტაბით სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოები საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ხდება.

მათივე ცნობით, სადეზინფექციო სამუშაოები ასევე ჩაუტარდება სახელოვნებო და სპორტულ სკოლებს.

„პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით. დროებით სამუშაო ჯგუფში სახელმწიფო რწმუნებული, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, რესურსცენტრის წარმომადგენლები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები შედიან.

სამუშაო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ“, – აღნიშნულია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციაში.