ზუგდიდში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამომრჩეველთან დასკვნითი შეხვედრა გამართა
ზუგდიდში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამომრჩეველთან დასკვნითი შეხვედრა გამართა

ზუგდიდში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამომრჩეველთან დასკვნითი შეხვედრა გამართა. შეხვედრის მონაწილეებს ვიდეოზარით მიმართა მიხეილ სააკაშვილმა.

„ივანიშვილი ემზადება დიდი გაყალბებისთვის, ჩვენ ვემზადებით ამის შესაჩერებლად. ჩვენ ვემზადებით დიდი გამარჯვებისთვის და მინდა ვუთხრა ივანიშვილს, ხელი არ წაგიცდეს გაყალბებაზე, ქართველი ხალხის თავისუფლების მომავალზე. იცოდე, თუ აქამდე მზად ვართ, ყველაფერი გაპატიოთ, მზად ვართ, ყველაფერზე თვალი დავხუჭოთ, ოღონდაც გვერდზე გაიწიო და დაგვაცადო ამოვასუნთქინოთ ხალხს. ამ დანაშაულს საქართველო არასდროს გაპატიებს. შეხედე კარგად ზუგდიდს და დაიმახსოვრე, ხუთ დღეში ან წყნარად ჩამოშორდები ხელისუფლებას ან არ შეშურდება შენი ბედის არც ერთ მომავალ თაობას. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე საზიზღარი, სამაგალითო ხვედრი ნებისმიერი ადამიანის საქართველოს ისტორიაში. შენი ბოლო გაფრთხილება ზუგდიდიდან. ბოლო გაფრთხილება საქართველოს სახელით. ჩვენი საამაყო სამეგრელოდან“, – განაცხადა სააკაშვილმა.

შეხვედრაზე, ასევე სიტყვით გამოვიდა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, რომელმაც განაცხადა, რომ „სამეგრელომ არაერთხელ შეიფარა საქართველო“.

„ჩემო მეგობრებო, ჩემო პატრიოტო ადამიანებო, რომლებსაც გული გიძგერთ პატრიოტიზმით, სამეგრელომ არაერთხელ შეიფარა საქართველო. დიახაც, სამეგრელომ არაერთხელ შეიფარა საქართველო. შეიფარა დევნილი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, შემდეგ შეიფარა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა და თავისუფლება, როცა ის, სამწუხაროდ, განიდევნა საქართველოს დედაქალაქიდან. ამის შემდეგ, 2003 წელს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გზაზე დააყენა საქართველო და ახლა ექვს დღეში ოლიგარქი დამარცხდება როგორც არასოდეს, ისე უპირობოდ სამეგრელოში“, – განაცხადა ნიკა მელიამ.