ზუგდიდში აფთიაქის დაყაჩაღების საქმეზე ერთი პირი დააკავეს
ზუგდიდში აფთიაქის დაყაჩაღების საქმეზე ერთი პირი დააკავეს

ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1974 წელს დაბადებული მ.ხ. დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 7 დეკემბერს ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე აფთიაქი დააყაჩაღა, საიდანაც ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 190 ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა მ.ხ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი და თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.