ზუგდიდში 24-საათიან რეჟიმში მომუშავე სამსახურებს ახალი წელი მიულოცეს
ზუგდიდში 24-საათიან რეჟიმში მომუშავე სამსახურებს ახალი წელი მიულოცეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა შობა-ახალი წელი იმ უწყებებს მიულოცეს, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.

„უდიდესი პატივისცემით ვულოცავ ახალი წლის დადგომას იმ ადამიანებს, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და ძალ-ღონეს არ იშურებენ ჩვენი მოსახლეობის სიმშვიდისთვის, უსაფრთხოებისთვის და მათი ჯანმრთელობისთვის. ფასდაუდებელია მათი შრომა. მინდა, თითოეულ თქვენგანს გისურვოთ ჯანის სიმრთელე, სულის სიმხნევე, მშვიდობა და სიკეთე. კიდევ დიდხანს ყოფილიყავით ხალხისა და ქვეყნის სამსახურში“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

ხელისუფლების წარმომადგენლები რუხის საგუშაგოზე, საპატრულო პოლიციაში, სახანძრო-სამაშველო სამსახურში, სამშობიაროში, სასწრაფო დახმარების ცენტრში, სამხარეო პოლიციასა და პოლიციის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტში იმყოფებოდნენ. მათ აღნიშნული სამსახურების თანამშრომლებს სასაჩუქრე კალათები გადასცეს და მომავალში წარმატებული საქმიანობა უსურვეს.