ზუგდიდსა და ქუთაისში „ქართული ოცნების“ რეგიონული კონფერენციები გაიმართება
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ რეგიონულ კონფერენციებს დღეს ზუგდიდსა და ქუთაისში გამართავს. კონფერენციაზე საქალაქო ორგანიზაციების თავმჯდომარეებს, ბიუროს წევრებსა და ყრილობის დელეგატებს აირჩევენ.
კონფერენცია ზუგდიდში 13:00 საათზე, ხელოვნებისა და განვითარების ცენტრში, ხოლო ქუთაისში 15:30 საათზე, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება.
„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარტიის გენერალური მდივანი, ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე და აღმასრულებელი მდივანი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
რეგიონული კონფერენციები უკვე გაიმართა მცხეთაში, გორში, ახალციხეში, რუსთავში, თელავში, ამბროლაურში, ბათუმსა და ოზურგეთში.