ზუგდიდის სტადიონის მშენებლობაზე ახალი ტენდერი სექტემბერში ჩატარდება
ზუგდიდის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის დასრულების მიზნით, სამუშაოები წლის ბოლომდე დაიწყება. ინფორმაციას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდის უეფა-ს მესამე კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის დასასრულებლად და სათადარიგო სტადიონის ასაშენებლად ტენდერი გამოაცხადა. სტადიონი ზუგდიდში, ჯანაშიას ქუჩაზე მდებარეობს. მისი მშენებლობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დაკვეთით დაიწყო, თუმცა სტადიონის დადგენილ სტანდარტსა და ვადაში დასრულება ვერ მოხერხდა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ზუგდიდის ძირითადი სტადიონის დასრულებისა და სათადარიგო სტადიონის მშენებლობის სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს“, – წერია ფონდის ინფორმაციაში.
ზუგდიდის საფეხბურთო სტადიონის დასრულებისა და ახალი, ხელოვნურსაფარიანი, სათადარიგო სტადიონის სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადდა. წინადადებების მიღება კი 2019 წლის 12 სექტემბერს დაიწყება და 17 სექტემბერს 14:00 საათზე დამთავრდება. ფონდის ცნობით, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება, დღგ-ს გათვალისწინებით, 10,548,180.00 ლარი იქნება.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ცნობით, ახალი სამშენებლო სამუშაოები მოიცავს სტადიონის გადახურვისა და განათების, სახანძრო სისტემის და პარკინგის სივრცის, ვენტილაციის და გათბობა-გაგრილების სისტემის მოწყობას, გახმოვანების სამონტაჟო სამუშაოებს, ტერიტორიის კეთილმოწყობას.
სათადარიგო სტადიონი გათვლილია 1200 მაყურებელზე და მასზე მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი, ტრიბუნა, გასახდელები და დამხმარე სათავსოები, ვენტილაციისა და გათბობა-გაგრილების სისტემები და ჩატარდება სხვა აუცილებელი სამუშაოები. სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 10.5 მილიონი ლარია. სამუშაოების ნაწილი 2019 წელს შესრულდება.
ზუგდიდის სტადიონის მშენებლობის პირველი ეტაპი 2017 წელს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ სტადიონის პირველი ეტაპის სამუშაოების შესრულებისას დარღვევები აღმოაჩინეს, რის გამოც, ფეხბურთის ფედერაციამ სტადიონი არ მიიღო და შესაბამისი რეკომენდაციები გასცა, მათ შორის – ბეტონის კედლის მორღვევაზე.