ზუგდიდის სკრინინგ ცენტრმა მუშაობა განაახლა

17:14, 20.07.2020

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასისა და ზუგდიდის სკრინინგ ცენტრის ორგანიზებით, მრგვალი მაგიდა გაიმართა, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „კოვიდ-19“-ის პანდემიას, ონკოლოგიური დაავადებების პრევენციასა და მკურნალობასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს მიეძღვნა.

აღნიშნულ ღონისძიებებს ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს.

საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო განვლილი პერიოდის ანგარიში, მიღწევები და პანდემიასთან დაკავშირებით შეცვლილი რეალობა. აღინიშნა, რომ ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი სრული დატვირთვით ანახლებს მუშაობას.

ზუგდიდის სკრინინგ ცენტრისა და ონკოპრევენციის ცენტრის დირექტორის, რემა ღვამიჩავას განცხადებით, სკრინინგ ცენტრი უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი.

„დღეს საქართველოში არ არის სხვა ასეთი თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სკრინინგ-ცენტრი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი სტრუქტურით იამაყებდა ევროპის ნებისმიერი ქალაქი. ის, რაც დასავლეთში ოქროს სტანდარტად ითვლება კიბოს სკრინინგის კუთხით, დაინერგება ზუგდიდშიც. რომ არა ჩეხი ხალხის, საელჩოსა და კარიტასის ძალისხმევა, ამ პროექტის განხორციელება მხოლოდ ჩვენი ძალებით შეუძლებელი იქნებოდა“, – განაცხადა რემა ღვამიჩავამ.

ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და პარტნიორ ორგანიზაცია – ონკოპრევენციის ცენტრთან თანამშრომლობით, ზუგდიდში სკრინინგ ცენტრი 2019 წლის ნოემბერში გახსნა.

საელჩოს ცნობით, დაარსებიდან დღემდე, სკრინინგ ცენტრი 1600-ზე მეტ პირს მოემსახურა.

მსგავსი