ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს

ზუგდიდში, N67 საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის შესასვლელთან ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებმა ადგილზე მიიტანეს საარჩევნო უბნების შემაჯამებელი ოქმების ასლები. მათი თქმით, 31 ოქტომბერს არჩევნები გაყალბდა და საოლქო კომისიის თავმჯდომარემ, მირანდა მესხმა პასუხი უნდა აგოს ამაზე.

აქციის მონაწილეთა ნაწილმა საოლქოს შენობაში შესვლა სცადა. თუმცა სამართალდამცავებმა მათ ამის უფლება არ მისცეს.

ახალგაზრდების აქციას შეუერთდა „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ბათლომე შელია, რომელმაც განაცხადა, რომ ახალგაზრდები გაყალბებას არავის აპატიებენ.

„არჩევანი წაართვეს ზუგდიდის მოსახლეობას. აქ ზის სამარცხვინო საარჩევნო კომისია და ნაცვლად იმისა, რომ პასუხი გაეცა, დაგვახვედრა პოლიციის კორდონი. ეს არის სამარცხვინო ხელისუფლება. გამორიცხულია, ბიძინა ივანიშვილს შერჩეს ეს გაყალბება; გამორიცხულია, ქართველმა ხალხმა, ამ ახალგაზრდებმა დაუთმონ მას“, – განაცხადა ბათლომე შელიამ.

აქციის მონაწილეებმა საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის წინ საარჩევნო ოქმები დატოვეს.