ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი - ზუგდიდის განვითარებას და მოქალაქეებისთვის მუნიციპალური სერვისების მიღებას ვერ შეაჩერებს 30-მდე ადამიანი, რომლებსაც ვიწრო პოლიტიკური ინტერესები აქვთ
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი - ზუგდიდის განვითარებას და მოქალაქეებისთვის მუნიციპალური სერვისების მიღებას ვერ შეაჩერებს 30-მდე ადამიანი, რომლებსაც ვიწრო პოლიტიკური ინტერესები აქვთ

ზუგდიდის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ ჭეჟიამ ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, მარგინალურ ოპოზიციურ ძალებს არ მისცემენ საშუალებას, რომ ზუგდიდის განვითარება შეაჩერონ და მთავარი საფინანსო დოკუმენტის მიღება შეაფერხონ.

„დღეს, მოქმედმა საკრებულომ დაამტკიცა ადგილობრივი ბიუჯეტი, რომელიც ჩვენი ქალაქის და მისი განვითარების მთავრი ფინანსური დოკუმენტია. ჩვენ დავამტკიცეთ ადგილობრივი ბიუჯეტი, რათა ოპოზიციაში მყოფ დესტრუქციულ ძალებს ბიუჯეტის ჩაგდების, შესაბამისად, მუნიციპალური სამსახურების მუშაობის, ინფრასტრუქტურული პროექტების გაჩერებისა და ჩვენს ქალაქებსა თუ სოფლებში განვითარების შეწყვეტის შესაძლებლობა არ მიეცეთ. დიახ, ეს არის ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს და სრულ თანხვედრაშია საქართველოს კონსტიტუციასა თუ ნებისმიერ საკანონმდებლო ჩარჩოსთან. დღეს დესტრუქციული ოპოზიციური ძალები ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ ბიუჯეტის მიღებისთვის, თუმცა ეს არ გამოუვიდათ. ზუგდიდის განვითარებას და აქ მცხოვრები მოქალაქეებისთვის მუნიციპალური სერვისების მიღებას ვერ შეაჩერებს 30-მდე ადამიანი, რომლებსაც ვიწრო პოლიტიკური ინტერესები აქვთ და ჩვენი მუნიციპალიტეტის გაჩერება სურთ. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ახლად არჩეული საკრებულოების პირველი სხდომა 3 დეკემბერს ჩანიშნა. მანამდე კი მოქმედი საკრებულოები არიან უფლებამოსილნი“, –  განაცხადა ბესიკ ჭეჟიამ.

შეგახსენებთ, ზუგდიდის საკრებულოში დილიდან სხდომა დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. საკრებულო 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაზე მსჯელობდა, რასაც ოპოზიციის წევრები აპროტესტებდნენ.