ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
კამათი მედიკამენტების დაფინანსების შესახებ მერიის პროგრამის განხილვას მოჰყვა.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პაატა ადამიამ უკმაყოფილება დააფიქსირა პროგრამით მოსარგებლეთა 150 ლარიან ლიმიტთან დაკავშირებით. მისი თქმით, ფასების ზრდის ფონზე, აღნიშნული თანხა საკმარისი არ არის.
პაატა ადამიას განცხადებით, აღნიშნული პროგრამები ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მოქმედებდა და მას შემდეგ არაფერი შეცვლილა.
ადამიას განცხადებას საკრებულოს უმრავლესობის წევრების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. მათი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროექტები რევოლუციურია.
ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ბათლომე შელიამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა და იქ განვითარებული პროცესები შოუდ შეაფასა. მისი რეაქცია საკრებულოში უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებს შორის კამათს მოჰყვა, რის შემდეგაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ფაცაციამ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ პაატა ადამიას საჩუქრად ცოცხები გადასცა.