ზუგდიდის საავადმყოფოში შეყვანილი ათი უკრაინელი ბავშვის საქმეზე შსს-მ გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო
ზუგდიდის საავადმყოფოში შეყვანილი ათი უკრაინელი ბავშვის საქმეზე შსს-მ გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო

ზუგდიდის საავადმყოფოში ინტოქსიკაციის ნიშნებით შეყვანილი ათი უკრაინელი ბავშვის საქმეზე შსს-მ გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოსული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში ჩამოვიდა უკრაინის მოქალაქე, რომელსაც თან ახლდა 10 მცირეწლოვანი ბავშვი. სამინისტროს ხელთ არსებული დოკუმენტაციის მიხედვით, ათივე ბავშვი ამ ქალბატონის შვილია. აღნიშნული ქალბატონი აპირებდა საქართველოდან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას.

10 მცირეწლოვანი ბავშვიდან ოთხი დაბადებულია 2017 წელს. ვინაიდან აღნიშნულმა ფაქტმა გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული შეიცავდა ტრეფიკინგის ნიშნებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სსკ-ის 143 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (ადამიანით ვაჭრობა – ტრეფიკინგი), რის ფარგლებშიც ტარდება აქტიური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები, რათა დადგინდეს ხომ არ აქვს ადგილი ადამიანებით ვაჭრობის ფაქტს.

გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან“, – აცხადებენ შსს-ში.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში უცხოეთის მოქალაქე 10 არასრულწლოვანი დღეს შეიყვანეს. საავადმყოფოს ექიმის, მზია გერგედავას განცხადებით, ათივე მათგანს კვებითი ინტოქსიკაცია აღენიშნება.