ზუგდიდის მერობის კანდიდატების დავა დებატების ფორმატზე | მოამბე

ზუგდიდში მერობის კანდიდატები დებატების ფორმატზე ვერ თანხმდებიან.

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის შეთავაზებას, რომ მისი და სანდრა რულოვსის დებატები საქართველოს პირველ არხზე გამართულიყო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ალტერნატიული შეთავაზებით პასუხობს. მისი თქმით, ტელევიზიების ერთი ნაწილი ბიძინა ივანიშვილის მიერ არის მართული.

სანდრა რულოვსი გიორგი შენგელიას დებატებს არა საქართველოს პირველ არხზე, არამედ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ ამფითეატრში, მოსახლეობის მონაწილეობით სთავაზობს.

„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ კანდიდატის ეს განცხადება საქართველოს პირველი არხის მიმართ რაიმე სახის პრეტენზიებს არ ნიშნავს.

„ქართული ოცნების“ კანდიდატის შეფასებით, რულოვსის შეთავაზებული ფორმატით „ნაციონალურ მოძრაობას“ არა პრობლემებზე საუბარი, არამედ ამომრჩეველში დაპირისპირების გამოწვევა სურს, რაც შენგელიას თქმით, მისთვის მიუღებელია. თავის მხრივ, საქართველოს პირველი არხის თანხმობის შემთხვევაში, შენგელია ოპონენტს ყველასთვის მისაღებ ფორმატზე შეთანხმებას სთავაზობს.