ზუგდიდის მერიის სამ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ზუგდიდის მერიის სამ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 17 შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ ჟურნალისტებს განუცხადა, 14 ე.წ. ზუგდიდის კლასტერს განეკუთვნება, ერთი ოკუპირებული აფხაზეთიდანაა, ასევე ინფიცირებულია მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლის ორი მოსწავლე.

ამასთან, ინფიცირებულებს შორის სამი ზუგდიდის მერიის თანამშრომელია. ყველა მათგანი გუშინდელი ორი ახალი შემთხვევის, 72 წლის ქალის და 50 წლის მამაკაცის კონტაქტებია.

„სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გუშინ გაიტესტა 728 მოქალაქე, დადებითი არის 17. აქედან 14 არის ზუგდიდის კლასტერი. ესენი არიან გუშინ დადასტურებული ორი მოქალაქის კონტაქტები, მათ შორის სამი არის ზუგდიდის მერიის თანამშრომელი. ორი მესტიის მუნიციპალიტეტის ხაიშის სკოლის მოსწავლეა. მათი დაინფიცირება მოხდა მოწვეული ქობულეთელი მასწავლებლის მიერ, რომელსაც აღმოაჩნდა კოვიდინფექცია. ხაიშის სკოლა გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე, ხოლო ზუგდიდის მერია გადავიდა მუშაობის დისტანციურ მეთოდზე. ხაიშის სკოლის მასწავლებლის ყველა კონტაქტი შემოწმებულია“, – განაცხადა მალხაზ თორიამ.

მან რეგიონის მცხოვრებლებს მოუწოდა, ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ დადგენილი რეკომენდაციები დაიცვან.

„ზუგდიდის მერიის ინფიცირებული თანამშრომლები გადაყვანილი არიან რუხის კლინიკაში. მიმდინარეობს მასიური ტესტირება, მთელი დღის განმავლობაში და შემდგომ პერიოდშიც გაგრძელდება კონტაქტების მოძიება და მათი გატესტვა. ზუგდიდში ტესტირებებზე ეპიდემიოლოგთა შვიდი ჯგუფი მუშაობს. დანარჩენი ჯგუფები მუშაობენ რეგიონის მასშტაბით. გამკაცრდება ღონისძიებები იმ მიმართულებით, რომ აუცილებლად ყველამ დაიცვას ჯანდაცვის რეკომენდაციები. გამკაცრდება ზედამხედველობა ბაზრობებზე, მარკეტებში და სხვა ხალხმრავალ ადგილებში. სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება ყველა მიმართულებით“, – განაცხადა მალხაზ თორიამ.

დატოვე კომენტარი