ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, საფეხბურთო კლუბი ზუგდიდის „დინამო“ შეკრებას იწყებს – გუნდის ოფიციალური გვერდის ცნობით, მზადებას 15 იანვრიდან შეუდგებიან.
ახალი სეზონიდან, ზუგდიდელები „დინამოს“ სახელით იასპარეზებენ, რასაც დიდი კრიტიკა მოჰყვა, მაგრამ სახელი აღარ გადაირქვეს და ლოგოში მცირედი ცვლილება შეიტანეს – გუნდის ფერი უცვლელია, ხოლო ლოგო კორექტირებული მრგვალი ფორმის იქნება.
პირველ ეტაპზე ზუგდიდელები თბილისში, თენგიზ სულაქველიძის სპორტულ აკადემიაში შეიკრიბებიან და ვარჯიშები, ძირითადად, ფიზიკურ დატვირთვებს დაეთმობა. საწვრთნელი პროცესის პირველი ეტაპი ორკვირიანი იქნება, თებერვლის დასაწყისში კი „დინამო„ შეკრებას თურქეთის ქალაქ ანტალიაში გააგრძელებს. შეკრების პირველ ეტაპზე ასევე დაგეგმილია საკონტროლო მატჩები, რომელთა შესახებ ინფორმაციას კლუბი უახლოეს დღეებში გაავრცელებს.
„სამწვრთნელო შტაბში ცვლილება არ განხორციელებულა და გუნდს, მთავარი მწვრთნელი კახა გოგიჩაიშვილი უხელმძღვანელებს. ფეხბურთელთა ძირითადი კონტიგენტი შენარჩუნებულია, თუმცა უახლოეს პერიოდში შემადგენლობის გაძლიერება გამოცდილი ფეხბურთელებით იგეგმება. ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ზუგდიდური კლუბი დატოვეს სოსო ქარდავამ, თორნიკე ჯიმშელეიშვილმა, დიმიტრი მიქავამ და კარლო ჯიქიძემ“ – წერია ზუგდიდის „დინამოს“ ოფიციალურ გვერდზე.