ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა გრიგოლ ორბელიანის მოედანზეც ამოქმედდება
ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა გრიგოლ ორბელიანის მოედანზეც ამოქმედდება

თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა გრიგოლ ორბელიანის მოედანზეც ამოქმედდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, კოტე აფხაზის ქუჩის მსგავსად, განთავსდება ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაში რეგისტრაციისა და ინფორმაციული უზრუნველყოფისთვის სპეციალური ჯიხური, სადაც მოსახლეობას ექნება საშუალება, პარკირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღოს.

„გვინდა, ახალი არეალები შემოვიტანოთ ქალაქში, გავრცელდეს ანალოგიური მიდგომა და დამოკიდებულება, როგორც კოტე აფხაზის ქუჩაზე. შემდეგი არეალი არის ორბელიანის მოედანი, რომელიც რამდენიმე ხნის წინ სრულად იქნა რეაბილიტირებული მერიის მიერ. ჩვენს დედაქალაქს ერთი კიდევ ახალი რეაბილიტირებული მიზიდულობის ცენტრი შეემატა, სადაც განთავსებულია ძალიან ბევრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ჩვენი პროექტის ფარგლებში განხორციელდა 20 შენობა-ნაგებობის სრული რეაბილიტაცია. გარდა ამ შენობებისა, პროექტის ფარგლებში ევროპული სტანდარტებით აშენდა 150 ავტომობილზე გათვლილი პირველი მიწისქვეშა პარკინგი, თავისი სახანძრო უსაფრთხოებით, კამერებით, შშმ პირთათვის გამოყოფილია სპეციალური ადგილები. გვინდა, რომ ორბელიანის მოედანზე იყოს ზუსტად იგივე დამოკიდებულება და მიდგომა, რაც კოტე აფხაზის ქუჩაზე, გადავიტანოთ და გავავრცელოთ ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა. იქ მცხოვრები ადამიანები აუცილებლად უნდა დარეგისტრირდნენ სისტემაში და საკუთარი ავტომობილით ექნებათ შესაძლებლობა, პარკირებით უფასოდ ისარგებლონ. აუცილებლად ვაწარმოებთ კომუნიკაციას მოსახლეობასთან, როგორც ეს იყო პირველი პროექტის ფარგლებში. ასევე, მინდა, დავავალო შესაბამის სამსახურებს, დღეიდან დაიწყონ შესაბამისი მასალების მომზადება და დავიწყოთ აქტიური კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან, როგორ უნდა მოხდეს ზონალურ-საათობრივი პარკირების გამოყენება. ამ დღეებში განვათავსებთ საინფორმაციო ჯიხურს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, საპილოტე პროექტი კოტე აფხაზის ქუჩაზე წარმატებით ხორციელდება, რისთვისაც მან მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს და სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს.

„დაახლოებით 20 დღეა, რაც კოტე აფხაზის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდა. ის საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს. მინდა, მუნიციპალიტეტის ყველა თანამშრომელს მადლობა გადავუხადო, ვინც ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული. ასევე, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს, რომლებიც დადგენილ წესებს ზედმიწევნით იცავენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს ახალი აპლიკაცია, რომელიც სპეციალურად ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის შეიქმნა და მისი გადმოწერა ნებისმიერ სმარტფონშია შესაძლებელი. ამ აპლიკაციით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს. ასევე, იყენებენ გადახდის აპარატებს. მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია საინფორმაციო ჯიხური, რომელიც იქ პირველ სექტემბრამდე იქნება. ჩვენი თანამშრომლები ადგილზე დარჩებიან, მოქალაქეების დახმარებას გააგრძელებენ, თუმცა, ფაქტობრივად, ყველა ადგილობრივმა უკვე მოახერხა რეგისტრაცია და ისინი უფასო პარკირებით სარგებლობენ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა კოტე აფხაზის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე პირველი აგვისტოდან ამოქმედდა.