ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა დღეიდან ორბელიანის მოედანზეც ამოქმედდება
ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა დღეიდან ორბელიანის მოედანზეც ამოქმედდება

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა დღეიდან ორბელიანის მოედანზეც ამოქმედდება.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 25 სექტემბერს თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სისტემა 200-ზე მეტ საპარკინგე ადგილს შეეხება. თბილისის მერმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, უფასო პარკირებით სარგებლობისთვის საჭირო რეგისტრაცია გაიარონ.

„პირველი ოქტომბრიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე ამოქმედდება. ეს არის საპილოტე პროექტი, რომელიც უკვე განვახორციელეთ კოტე აფხაზისა (ყოფილი ლესელიძის ქუჩა) და მის მიმდებარე ქუჩებზე და თანაც საკმაოდ წარმატებით. კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, იმისთვის, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ უფასო პარკირებით ისარგებლოს, უნდა დარეგისტრირდნენ ვებგვერდზე ან ორბელიანის მოედანზე განთავსებულ სპეციალურ საინფორმაციო ჯიხურში. ასევე, უფასო პარკირებით სარგებლობა შეუძლიათ შშმ პირებს და ელექტრომობილების მფლობელებს. სხვა დანარჩენისთვის კი 15 წუთის შემდეგ, მიმდებარე არეალით სარგებლობა ფასიანი იქნება – ერთი საათი ერთი ლარი“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ორბელიანის მოედანზე არსებულ მიწისქვეშა სადგომსაც შეეხება.

„იცით, რომ ორბელიანის მოედანზე ჩვენ განვახორციელეთ პირველი მიწისქვეშა პარკინგის პროექტი, რომელიც საჩვენებელია თავისი ხარისხით, ავტომობილების რაოდენობით. ის, დაახლოებით, 180 მანქანაზეა გათვლილი, აღჭურვილია ყველანაირი თანამედროვე სისტემით – სახანძრო სისტემა, სამეთვალყურეო კამერები, ანუ რაც კი მოთხოვნილია მსგავსი პროექტისთვის, ყველაფერი მაქსიმალურად გათვალისწინებულია“, – განაცხადა კახა კალაძემ.