ზოგიერთმა მედიასაშუალებამ არასწორად გაიგო - დანია ფიფა-ს დატოვების სურვილს უარყოფს #1TVSPORT
საუბარი იმის შესახებ, რომ დანიის ფეხბურთის ასოციაცია, OneLove-ის სამკლაურებთან დაკავშირებით გამოწვეული უთანხმოების გამო, ფიფა-ს დატოვებას გეგმავს, სიმართლეს არ შეესაბამება — ამის შესახებ „როიტერთან“ დანიის ფეხბურთის ასოციაციის წარმომადგენელმა განაცხადა.
როგორც The Athletic-ი ამტკიცებდა, დანია და სხვა გუნდები, ფიფა-სთან უთანხმოების გამო, მისი რიგებიდან გასვლას განიხილავდნენ. გარდა ამისა, საერთაშორისო მედიამ დღეს აღნიშნა, რომ დანიის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა, იესპერ მელერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი ქვეყნის ფეხბურთის ასოციაცია განიხილავს ფიფა-ს რიგებიდან გასვლას მას შემდეგ, რაც დანიასა და ექვს სხვა ევროპულ ნაკრებს დაემუქრნენ სპორტული სანქციებით, თუ მათი კაპიტნები ლგბტ-ის მხარდამჭერ სამკლაურს გაიკეთებდნენ.
„ზოგიერთმა მედიასაშუალებამ არასწორად გაიგო, რომ დანიის ფეხბურთის ასოციაცია ფიფა-ს რიგებს ტოვებს. ასეთი რამ პრესკონფერენციაზე არ გვითქვამს. უკმაყოფილოები ვართ და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ჯანი ინფანტინოს კანდიდატურას მხარს არ დავუჭერთ. შემდგომ ქმედებებს განვიხილავთ ჩვენს სკანდინავიელ და ევროპელ კოლეგებთან“, – თქვა დანიის ფეხბურთის ასოციაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, იაკობ ჰეგერმა.
ფიფა-ს მუქარას გერმანიის საფეხბურთო კავშირიც გამოეხმაურა.
„ადამიანის უფლებებზე მოლაპარაკება შეუძლებელია. OneLove-ის ტარების აკრძალვა ნიშნავს ლაპარაკის აკრძალვას. ჩვენი პოზიცია ნათელია“, – ასეთი პოსტი განთავსდა გერმანიის საფეხბურთო კავშირის „ტვიტერზე“ გერმანია-იაპონიის მატჩამდე.