ზივზივაძის პირველი საგოლე გადაცემა ბუნდესლიგაში - „ჰაიდენჰაიმმა“ „ვერდერთან“ ქულა მოიპოვა #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძემ გერმანიის ბუნდესლიგაში მორიგი შეხვედრა ჩაატარა და „ჰაიდენჰაიმის“ შემადგენლობაში პირველი საგოლე გადაცემით გამოირჩა. მისი გუნდი ბრემენში „ვერდერს“ დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 3:3 დასრულდა.
ბუნდესლიგის მე-17 ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „ჰაიდენჰაიმის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა, ორ გოლში მიიღო მონაწილეობა და 7.1 შეფასება დაიმსახურა.
ბრემენის „ვერდერმა“ თამაში შესანიშნავად დაიწყო და პირველივე წუთზე ავსტრიელი მარკო გრულის დარტყმით დაწინაურდა. „ჰაიდენჰაიმმა“ 30-ე წუთზე იან შოპნერის გოლით ანგარიში გაათანაბრა. შეტევა ბუდუ ზივზივაძის აქტიურობით დაიწყო, რომელმაც მეტოქეს ბურთი აართვა.
57-ე წუთზე მარვინ დუკშმა „ვერდერი“ წინ გაიყვანა, თუმცა 4 წუთში ზივზივაძის ზუსტი გადაცემის შემდეგ ლუკა კერბერმა ანგარიში კვლავ გაათანაბრა.
მარკო გრულის დუბლის წყალობით (79-ე წუთზე) „ვერდერი“ მესამედ დაწინაურდა, მაგრამ „ჰაიდენჰაიმმა“ უკანასკნელ წუთებზე შეხვედრა გადაარჩინა, ლეო სკიენზამ საჯარიმო დარტყმით (90+5) საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
17 ტურის შემდეგ „ჰაიდენჰაიმმა“ 14 ქულა დააგროვა, აუტსაიდერთა ზონას თავი დააღწია და მე-15 ადგილზეა.