ზივზივაძეც უნგრეთის თასის ფინალშია - „ფეჰერვარი“ ტიტულისთვის ბერიძის „უიპეშტს“ დაუპირისპირდება #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძე და მისი „ფეჰერვარი“ უნგრეთის თასის ფინალში გავიდნენ. გუნდმა გასვლით შეხვედრაში მტკ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და თასის მოსაპოვებლად გიორგი ბერიძის „უიპეშტს“ დაუპირისპირდება.
შეხვედრა „ფეჰერვარისთვის“ ცუდად დაიწყო. მე-14 წუთზე საბოლ შონმა მასპინძლები დააწინაურა. მაგრამ ქართველის გუნდმა თამაშის შემოტრიალება მოახერხა. ზივზივაძეს, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, სწრაფად შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ მე-16 წუთზე მახვილი კუთხიდან კარგად ვერ დაარტყა და მასპინძლები მეკარე ბენზე სომოდიმ გადაარჩინა.
39-ე წუთზე წონასწორობა ბენდეგუზ ბოლამ მაინც აღადგინა. მეორე ტაიმი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და 52-ე წუთზე მიზანს მიაღწიეს. ნემანია ნიკოლიჩმა ახლოდან ზუსტად დაარტყა და „ფეჰერვარი“ დააწინაურა. ზივზივაზეს საგოლე მომენტი ამის შემდეგაც ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა და ქართველის გუნდი ფინალშია 1:2.
უნგრეთის თასის ფინალი 3 მაისს ბუდაპეშტის „პუშკაშ არენაზე“ გაიმართება, – ზივზივაძის გუნდი „უიპეშტს“ დაუპირისპირდება, რომელიც ფინალში გიორგი ბერიძის მიერ „კიშვარდას“ კარში გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით გავიდა. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდებმა 1982 წლის თასის ფინალშიც ითამაშეს და მაშინ შეხვედრა „უიპეშტმა“ მოიგო 2:0.
„ფეჰერვარი“ თავის ისტორიაში უნგრეთის თასის ფინალში მეშვიდედ გავიდა, რომლის მოგებაც ორჯერ მოახერხა. „უიპეშტი“ კი უნგრეთის თასის ათგზის გამარჯვებულია და ფინალში მეთვრამეტედ ითამაშებს.