ზივზივაძე და უნგრელები იწყებენ - თამაშები მაისის ბოლოსთვის დაიგეგმა
ზივზივაძე და უნგრელები იწყებენ - თამაშები მაისის ბოლოსთვის დაიგეგმა

საქართველოს ნაკრებისა და უნგრული „მეზოკოვეშდის“ თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე, დიდი ალბათობით, სეზონს მაისის ბოლოს განაახლებს – ინფორმაციას უნგრეთში ჩემპიონატის გაგრძელებაზე ინტერენეტგამოცემა M4 Sport ავრცელებს.

„პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი გერგელი გულიაში შეეხო სპორტთან დაკავშირებულ თემებს, მათ შორის ფეხბურთს. მთავრობის ახალი გადაწყვეტილებით, შეზღუდვები თანდათან კიდევ უფრო შემსუბუქდება და ძალაში 4 მაისს შევა. ამ ბრძანებულების თანახმად, უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, მატჩებისა და ვარჯიშების განახლების შესახებ. ჩემპიონატი კი, დიდი ალბათობით, მალე გაგრძელდება“ – წერს გამოცემა.

M4 Sport ჩემპიონატის განახლების მიახლოებულ ვადაზეც წერს: „გასულ კვირას უნგრეთის ფეხბურთის ასოციაციამ კლუბებთან ყოველწლიური შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჩემპიონატი 20 დღის შემდეგ განახლდება, რადგან მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები გააუქმოს. ჯერ თამაშების დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია. თუმცა, ამ შეხვედრაზე გაკეთებული განცხადებებიდან ცხადი გახდა, რომ ჩემპიონატი მაისის ბოლოს განახლდება“.

ამავე დროს, გამოცემის ცნობით, შეზღუდვები ნაწილობრივ მაინც იმოქმედებს: „გუნდები ჩემპიონატს განაახლებენ, მაგრამ თავდაპირველად სტადიონები მაყურებლისთვის დახურული იქნება. 15 აგვისტომდე, უნგრეთში გამართულ თამაშზე 500-ზე მეტი ადამიანი არ დაიშვება. ვარჯიში და კერძო სპორტული ღონისძიებები ნებადართულია პროფესიულ, სამოყვარულო და მასობრივ სპორტში. თუმცა, შეზღუდვები ჯერ კიდევ იმოქმედებს ბუდაპეშტისა და უნგრეთის იმ რეგიონებში, რომლებიც პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალდნენ“.