ბუდუ ზივზივაძე - იმედია, პირველ ევროპულ ტიტულს მოვიპოვებ
ბუდუ ზივზივაძე - იმედია, პირველ ევროპულ ტიტულს მოვიპოვებ

ბუდუ ზივზივაძის „მეზოკოვეშდი“ უნგრეთის თასის ფინალში გავიდა, რომელიც 3 ივნისს გაიმართება. გუნდის მეტოქეც გაირკვა – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის გუნდს ბუდაპეშტის „ჰონვედი“ შეხვდება.

26 წის ბუდუ ზივზივაძემ საქართველოს პირველ არხთან გუნდის საფინალო შანსები შეაფასა – მისი თქმით, რთული ფინალის მოლოდინშია.

„ლოგიკით, ახლა ჩვენ „ჰონვედზე“ უკეთესი გუნდი გვყავს, ჩემპიონატშიც წინ ვართ და ურთიერთშეხვედრებშიც ვაჯობეთ. მაგრამ ფინალში გარტანტირებული გამარჯვება არ არსებობს და ამიტომ, რთულ შეხვედრას ველით. მით უფრო, რომ თასის ფინალში „ჰონვედი” შარშანაც გავიდა და „ფეჰერვართან“ დამარცხდა. დარწმუნებული ვარ, წელს განსაკუთრებული მოტივაციით ექნებათ, რადგან ზედიზედ ორი ფინალის წაგება ძალიან მტკივნეულია. ამიტომ შანსებს 50/50-ზე შევაფასებ. თუმცა, დიდი იმედი მაქვს, რომ ევროპაში პირველ ტიტულს მოვიპოვებ“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ბუდუ ზივზივაძე.

შეგახსენებთ, რომ „მეზოკოვეშდის“ ფინალში გასვლაში დიდი როლი სწორედ ბუდუ ზივზივაძემ შეასრულა. „ფეჰერვართან“ პირველი ნახევარფინალის შემდეგ (საშინაო არენაზე 1:1 დაასრულეს), გუნდს ფინალში გასვლის ნაკლები შანსი ჰქონდათ. მაგრამ განმეორებითი ნახევარფინალური დაპირისპირება 2:2 დაასრულა და და გასვლაზე გატანილი მეტი გოლის წყალობით ფინალში გავიდა – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ამ პრინციპულ შეხვედრაში გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა.