ზინედინ ზიდანმა შეძლო ის, რაც ვერ მოახერხა მიშელ პლატინის შესანიშნავმა ნაკრებმა – საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონობამდე მიიყვანა.
უარი კანტონასა და ჟინოლას – ზიდანი ჩრდილიდან გამოვიდა
ზიდანის გამო 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე ფრანგების მწვრთნელმა ემე ჟაკემ უარი თქვა ორი ლიდერის, დავიდ ჟინოლას და ერიკ კანტონას წაყვანაზე, რაც ფრანგულმა მედიამ უაზრო გადაწყვეტილებად მონათლა.
„ჟინოლა და კანტონა დიდი ფეხბურთელები იყვნენ, მაგრამ მათზე შეგნებულად ვთქვი უარი. ვხედავდი უფრო დიდი ტალანტის მქონე ზიდანი მათი ავტორიტეტის ჩრდილში იყო და ვერ იხსნებოდა, მათი გარეშე კი ზიდანმა გუნდი ბევრად უკეთ აათამაშა“, – იხსენებდა წლების შემდეგ ემე ჟაკე.
ზიდანი იყო ის მოთამაშე, რომელმაც ფეხბურთის მოყვარულებს დიეგო მარადონას წასვლით გამოწვეული სიცარიელე შეუვსო და ფეხბურთს ის სილამაზე და ხიბლი დაუბრუნა, რომელიც მას რობოტების თამაშებისგან განასხვავებდა.
ორი განსხვავებული ფინალი
1998 წელს ზინედინ ზიდანი მსოფლიო ჩემპიონატის ოლიმპზე ავიდა. ბრაზილიასთან ფინალში ორი გოლით მან საფრანგეთს პირველი ჩემპიონის ტიტული აჩუქა. ოთხი წლის შემდეგ ფრანგები ტურნირს ადრეულად დამშვიდობნენ, როცა ამას არავინ ელოდა. 2006 წელს გერმანიაში ნახევარმცველმა თავისი გუნდი იტალიასთან გადამწყვეტ მატჩამდე მეორედ მიიყვანა. მაშინ „ზიზუს“ გუნდი ფავორიტად ითვლებოდა. საფრანგეთი მაღალი დონის ფეხბურთს აჩვენებდა.
ეს იყო მეორედ დაბადებასავით – ზიდანმა კლასი და ფრანგების ფავორიტობა ფინალში კიდევ ერთხელ დაადასტურა. მატჩის დაწყებიდან სულ რაღაც შვიდ წუთში მსაჯმა მატერაციზე წესის დარღვევა დააფიქსირა და იტალიელთა კარში პენალტი დანიშნა. ბურთთან ზიდანი მივიდა – ეს იყო მისი დიდი ხნის ნანატრი შესაძლებლობა, კვლავ გამხდარიყო გმირი და ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა. ბურთი ძელს მოხვდა და მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი კარის ხაზი გადაკვეთა.
მე-19 წუთზე მარკო მატერაციმ თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. დაინიშნა დამატებითი დრო. 110-ე წუთზე ზიდანმა მატერაცის თავი დაარტყა – ლაინსმენებთან და მეოთხე მსაჯთან დალაპარაკების შემდეგ მთავარმა არბიტრმა, არგენტინელმა ჰორასიო ელიზონდომ წითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან გააძევა.
მომხდარმა ფავორიტი საფრანგეთის ნაკრები ფსიქოლოგიურად გატეხა. გუნდი პენალტების სერიაში დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონობის მეორედ მოპოვების შანსი დაკარგა, იტალიას კი მეოთხე ტიტულისკენ გზა გაუხსნა.
ვარსკვლავმა, რომელიც სამჯერ გახდა ფიფას წლის საუკეთესო მოთამაშე და „ოქროს ბურთის“ მფლობელი, საფრანგეთი კი 1998 წელს მსოფლიო ოლიმპზე აიყვანა, ბერლინის ოლიმპიური სტადიონი ანტიგმირად დატოვა და ისე ჩაუარა მსოფლიო თასს, რომ მისი მეორედ აღმართვა ვერ მოახერხა.
ორი წელი არ ელაპარაკებოდა
საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი ზინედინ ზიდანის ლეგენდარული ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე იყო და გუნდთან ერთად ყველა მნიშვნელოვანი ტიტული მოიპოვა. ცნობილია, რომ ის ზიდანს 2006 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ ორი წელი არ ელაპარაკებოდა.
„ვილი სანიოლი თანაგუნდელზე იმდენად გაბრაზდა, რომ გასახდელში მატჩის დასრულების შემდეგ მასთან საუბარი არ ისურვა და 2008 წლამდე არ ელაპარაკებოდა“, – ამტკიცებდა გამოცემა technosports.co.in, რაც წლების შემდეგ სანიოლმა რადიო Montecarlo-სთან ინტერვიუში დაადასტურა.
„თამაშის შემდეგ გასახდელში ზიდანმა ბოდიში მოიხადა, მაგრამ მისი ბოდიში მე არ მივიღე. მასთან საუბარიც არ მსურდა. ამის არც დრო მქონდა და არც სურვილი, რადგან ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი. ამის შემდეგ ორი წელი აღარ ველაპარაკობოდი. ყველაფერი 2008 წელს შეიცვალა, როდესაც დავოჯახდი. მეუღლემ მთხოვა, ქორწილზე „ზიზუ“ მომეწვია. დავურეკე, დილით ერთად ვისაუზმეთ და თბილად დავილაპარაკეთ. ჩვენი კონფლიქტი ამით დასრულდა“, – იხსენებდა სანიოლი.
მაინც რა მოხდა
საფეხბურთო სამყარომ დიდი ხანი ზუსტად არ იცოდა, ისეთი რა გააკეთა ან უთხრა მატერაციმ, რამაც ზიდანის ასეთი რეაქცია გამოიწვია? არც იტალიელი მცველი და არც ზიდანი ამაზე არ საუბრობდნენ. მაგრამ მოგვიანებით ყველაფერი გამოაშკარავდა.
გაირკვა, რომ მატერაცი მთელი თამაში ცდილობდა ფრანგი ვარსკვლავის პროვოცირებას, ბოლოს კი ბინძური ფრაზით მისი და შეურაცხყო და ამით ფრანგი გენიოსის სანაკრებო კარიერა დაასრულა.
მატერაციმ მხოლოდ 2020 წელს ესპანურ AS-სთან გაამხილა:
„მისი მოძრაობა კარგად რომ დამენახა, მეც იგივეს გავაკეთებდი და დარწმუნებული ვარ, მოედნიდან ორივეს გაგვაგდებდნენ. ჩვენს შორის პირველი დაპირისპირების შემდეგ ბოდიში მოვუხადე, მაგრამ ცუდი რეაქცია ჰქონდა. მესამე შეჯახების შემდეგ მიპასუხა: მოგვიანებით მოგცემ ჩემს მაისურსო, რაზეც ვუპასუხე, რომ მაისურის ნაცვლად მერჩივნა, და დაეთმო. ვაღიარებ, ეს სულელური სიტყვები იყო, მაგრამ არ იმსახურებდა ასეთ რეაქციას. რომის, ნეაპოლის, ტურინის, მილანის, პარიზის ნებისმიერ რაიონში ბევრად უფრო ბინძურ ფრაზებს მოისმენ. მაგრამ მე მე არ მიხსენებია დედა, როგორც ზოგიერთ გაზეთში წავიკითხე. დედაჩემი ჩემი თინეიჯერობისას გარდაიცვალა და ასეთ შეურაცხყოფას არავის არასოდეს მივაყენებ“.
სულაც არ ვამაყობ იმით, რაც გავაკეთე
ზიდანი წლების განმავლობაში დუმდა ინციდენტთან დაკავშირებით. 2022 წელს Telefoot-თან ინტერვიუს დროს ჰკითხეს, ნანობს თუ არა რამეს: „სულაც არ ვამაყობ იმით, რაც იმ ფინალში გავაკეთე, მაგრამ ეს ჩემი წარსულის და ცხოვრების ნაწილია“.
სხვათა შორის, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ელიზონდომ აღიარა, რომ იმიტაცია გააკეთა, თითქოს, ლაინსმენს მომხდარზე ესაუბრებოდა, მაგრამ რეალურად ვერავინ დავინახეთ, რა მოხდაო.
თუმცა, ზიდანის კარიერის მხოლოდ 2006 წლის ფინალთან გაიგივება ცალმხრივი შეფასება იქნება. დიდიმა ფრანგმა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში დიდი კვალი დატოვა.