ზიმბაბვეში ციკლონ „იდაის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 260-მდე გაიზარდა, 200-ზე მეტი პირი კი, ამ დრომდე დაკარგულად მიჩნევა. ამის შესახებ გაერო იუწყება.
საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, გადაუდებელი დახმარება 100 ათასზე მეტ ადამიანს სჭირდება. 16 ათასი პირი კი, საცხოვრებლის გერეშეა დარჩენილი.
მასშტაბურ სტიქიას ზიმბაბვესთან ერთად მალავისა და მოზამბიკშიც ებრძვიან, სადაც ამ დრომდე დაღუპულთა რიცხვი 200-ს აჭარბებს. დაკარგულია ასობით ადამიანი.
ციკლონი „იდაი“ პირველად მოზამბიკში, სოფალას პროვინციაში, საპორტო ქალაქ ბეირას დაატყდა თავს.
მასშტაბურმა სტიქიამ მდინარე ბუზის ადიდება გამოიწვია. შედეგად კი, თითქმის მთელი ქალაქი წყლის ქვეშ მოექცა. მსხვერპლის დიდი ნაწილი სწორედ ამ ქალაქში ცხოვრობდა.
ვითარებას ართულებს ავტომობილების გადაადგილებისთვის რთული პირობები, რის გამოც მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება ვერ მიეწოდება. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, დახმარების მიწოდება საჰაერო გზითაც ვერ ხერხდება.