ზიმბაბვეში არმია წესრიგს ამყარებს
ზიმბაბვეში არმია წესრიგს ამყარებს

ზიმბაბვეში არმია წესრიგს ამყარებს, ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაშია, რომელიც ერთ-ერთმა სამხედრომ ქვეყნის ეროვნული მაუწყებლის ეთერში წაიკითხა. მისი თქმით, არმიის ქმედებები მიმართულია კრიმინალების წინააღმდეგ და მიზნად არ ისახავს სახელმწიფო გადატრიალებას ან მთავრობის შეცვლას.

„ეს არ არის შემთხვევა, როცა სამხედრო ძალა მოდის ხელისუფლებაში. პრეზიდენტი მუგაბეც უსაფრთხოდ არის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

დედაქალაქ ჰარარეს ქუჩებში სროლებისა და მძიმე არტილერიის გადაადგილების ხმა ოთხშაბათ დილას გაისმა.

სახელმწიფო გადატრიალების ვერსია გამორიცხა ზიმბაბვეს ელჩმაც სამხრეთ აფრიკაში და აღნიშნა, რომ მთავრობა ხელუხლებელია.

განცხადების მიხედვით, რომელიც პირდაპირ ეთერში წაიკითხეს, სამხედრო მოქმედებები დანაშაულებრივი სისტემის წინააღმდეგ არის მიმართული, რომელიც ქვეყანაში ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისებს იწვევს. როგორც კი ვითარება დარეგულირდება, ისინი საკუთარ მისიას შესრულებულად ჩათვლიან. სამხედროები 93 წლის პრეზიდენტის უსაფრთხოების გარანტიასაც იძლევიან.

მანამდე, ზიმბაბვეს მმართველმა პარტიამ ქვეყნის არმიის მეთაურს ღალატში დასდო ბრალი.
გენერალი კონსტანტინო ჩივენგა პრეზიდენტ რობერტ მუგაბეს მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც ქვეყნის ლიდერმა ვიცე-პრეზიდენტი თანამდებობიდან მოხსნა.

გენერალმა განაცხადა, რომ მას არმია მზადყოფნაში ჰყავდა, რათა მუგაბეს პარტიაში წმენდას ბოლო მოღებოდა.

მმართველი პარტიის განცხადებაში წერდნენ, რომ გენერლის სიტყვები ქვეყანაში დესტაბილიზაციისკენ გაკეთებული მოწოდება იყო. ისინი სამხედრო მუქარის წინაშე უკან დახევას არ აპირებდნენ და აცხადებდნენ, რომ პოლიტიკა ყოველთვის იარაღზე მაღლა იდგება.