საფეხბურთო კლუბმა „ზესტაფონმა“ საწვრთნელი პროცესი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ განაახლა. სამთვიანი შესვენების შემდეგ, გუნდმა პირველი ვარჯიში დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გამართა.
2020 წლის საფეხბურთო სეზონში „ზესტაფონი“ ლიგა-4-ის გათამაშებაში ჩაერთვება. კორონავირუსის პანდემიამდე „ზესტაფონს“ 12 ახალწვეული დაიმატა – მეკარე ბაჩო მიქავა; მცველები – დავით მოსიძე, ვანო გულხადარაშვილი, ავთანდილ სირაძე და ბექა ხუხუა; ნახევარმცველები – ირაკლი ზარნაძე, ლაშა ნანობაშვილი და ნიკა ხარაიშვილი; ფორვარდები – გიორგი ხარშილაძე, ლაშა ოზბეთელაშვილი და ბექა ზაქრაძე, ხოლო 35 წლის ჯაბა დვალმა, რომელიც გუნდის საბავშვო აკადემიას კურირებს, მოედანზე დაბრუნება გადაწყვიტა.
სიახლე ისაა, რომ იმერულ გუნდში „ზესტაფონის“ საკლუბო აკადემიის აღზრდილი, გუნდის შემადგენლობაში საქართველოს 2011 წლის ჩემპიონი, 29 წლის გამოცდილი ნახევარმცველი გიორგი ჭანკოტაძე დაბრუნდა.
„ზესტაფონის“ ინფორმაციით, შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურების მიერ მომზადებული ახალი რეგულაციების თანახმად, მიმდინარე წლის ექვსი ივლისიდან საფეხბურთო კლუბებს წვრთნის პროცესის ნორმალურ რეჟიმში წარმართვისა და ამხანაგური მატჩების გამართვის უფლება მიეცემათ.
აქედან გამომდინარე, ივლისის პირველ ნახევარში ზესტაფონელები რამდენიმე ამხანაგური შეხვედრის ჩატარებას გეგმავენ – ამ დროისათვის უკვე დაგეგმილია სპარინგები თანალიგელ ხონის „იმერეთთან“ და „ჭიათურასთან“. ასევე, თითქმის გადაწყვეტილია, რომ იმერლები ლიგა-3-ის წარმომადგენელ ფოთის „კოლხეთსა“ და ტყიბულის „მეშახტეს“ დაუპირისპირდებიან.