„ზენიტის“ მწვრთნელი ხავი პასკუალი - შენგელია შეუჩერებელი იყო [ვიდეო] #1TVSPORT
„ბევრი ვეცადეთ, მაგრამ თორნიკე შენგელიას შეჩერება ვერ მოვახერხეთ. მას ჩვენს კალათბურთელებთან შედარებით დიდი უპირატესობა ჰქონდა, განსაკუთრებით მარჯვნიდან შეტევისას და ერთი-ერთზე თამაშისას. სათანადო კონცენტრირება ვერ მოვახდინეთ და ამიტომაც დავმარცხდით“, – ასეთი იყო „ზენიტის“ მწვრთნელის ხავი პასკუალის კომენტარი ცსკა-სთან წაგების შემდეგ.
ევროლიგის მეორე ტურის ამ მატჩში საქართველოს კაპიტანმა პირადი რეკორდი დაამყარა – ევროლიგაზე 33 ქულა ჩააგდო. სრული სტატისტიკა კი, ასეთი იყო:
36 წუთი, 33 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა. თოკომ 16-დან 10 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი და 11-დან 7 საჯარიმო გამოიყენა. მარგი ქმედების კოეფიციენტმა 36 შეადგინა, რაც მატჩის საუკეთესო შედეგი გახლდათ.
„თამაში რომ არ მოგვეგო, ციფრებს და შედეგებს არაფერი ძალა არ ექნებოდა. ამიტომაც გახარებული ვარ ჩემი გუნდის შედეგით. ვამაყობ ჩემი თანაგუნდელებით. ვფიქრობ, დიდებულად ვითამაშეთ როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. კარგად დავიწყეთ, მაგრამ „ზენიტი“ ის გუნდია, რომელიც სტუმრად კარგად თამაშობს და ვიცოდით, რომ ისინი დიდ ბრძოლას გაგვიმართავდნენ. „ზენიტს“ განსაკუთრებით კარგი მსროლელები ჰყავს და მათგან ნებისმიერ დროს დიდ საფრთხეს უნდა ელოდო“, – ასეთი იყო თორნიკე შენგელიას კომენტარი.