ზელენსკი: რუსული ბალისტიკური რაკეტების კრიტიკული კომპონენტების უმეტესობა დასავლური წარმოებისაა
პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართვის დროს. კიევი, უკრაინა, 2026 წლის 24 ივნისი
ბალისტიკური რაკეტების მწარმოებელი რუსული კომპანიების უმეტესობა ევროპულ და ამერიკულ სანქციებს გვერდს სხვადასხვა უცხოურ იურისდიქციაში არსებული ხვრელების გამოყენებით უვლის.
უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის (Suspilne) კორესპონდენტის ცნობით, ეს განცხადება პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 აგვისტოს, უკრაინის დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან ყოველწლიურ შეხვედრაზე გამოსვლისას გააკეთა, რომელსაც 100-ზე მეტი დიპლომატი ესწრებოდა.
მან ხაზი გაუსვა, ერთი მხრივ, ევროკავშირსა და მეორე მხრივ, აშშ-ს, შვეიცარიას, იაპონიასა და სხვა ქვეყნებს შორის სანქციების კოორდინირების აუცილებლობას. ეს საჭიროა იმისათვის, რომ ყველა მათგანს შეეძლოს მეორადი სანქციების დაწესება იმ ბანკებისა და ფინანსური ინსტიტუტების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს მისი თავდაცვის სექტორისთვის აუცილებელი მასალებისა და პროდუქციის შესყიდვის დაფინანსებაში ეხმარებიან.
ზელენსკის თქმით, ასეთ ბანკებს ფილიალები აქვთ ოფშორულ იურისდიქციებში, სადაც საერთაშორისო ტრანზაქციებისთვის მრავალი ფინანსური შეღავათი მოქმედებს, ან ჩინეთში, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს არ შეერთებია.
„ბალისტიკური რაკეტების მწარმოებელი 17 ძირითადი რუსული კომპანიიდან უმეტესობა ახერხებს სხვადასხვა იურისდიქციაში არსებული სანქციების ხვრელებით სარგებლობას“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ დღეისათვის რუსული რაკეტებისთვის საჭირო კრიტიკული კომპონენტების უმეტესობა დასავლური წარმოებისაა.
„იგივე ეხება ჩრდილოკორეულ რაკეტებსაც. ამ შემთხვევაშიც ბოლო დროს მიწოდებულ პროდუქციაზე ვსაუბრობ“, – დასძინა ზელენსკიმ.