ზელენსკი მსოფლიო საზოგადოებას უახლოეს თვეებში მოსალოდნელი გლობალური აგრარული კრიზისის შესახებ აფრთხილებს

13:50, 13.10.2026
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო დიზელის საწვავის დეფიციტზე მსჯელობს, ყურადღების მიღმა რჩება ის გარემოება, რომ გლობალურ ბაზრებზე რუსეთის მიერ შავი ზღვის ბლოკადით გამოწვეული მარცვლეულის დეფიციტის საფრთხე არსებობს.

აღნიშნული განცხადება ზელენსკიმ ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე გამართული დისკუსიის დროს გააკეთა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერთ ან ორ თვეში, ამ პრობლემის გამო, მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში, შესაძლოა, აგრარული კრიზისი დაიწყოს.

„ყველა დიზელზე საუბრობს და მარცვლეული ავიწყდებათ. ერთ ან ორ თვეში ყველა აგრარულ კრიზისზე დაიწყებს საუბარს. აფრიკის კონტინენტის ქვეყნებისთვის, აზიის ზოგიერთი სახელმწიფოსა და ახლო აღმოსავლეთისთვის საკვები საკმარისი არ იქნება, ვინაიდან ჩვენ მილიონობით ტონა მარცვლეული ექსპორტზე სწორედ ამ ბაზრებზე გაგვაქვს. დღეს კი ამის საშუალება აღარ გვაქვს, რადგან რუსეთი შავ ზღვას ბლოკავს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მარცვლეულის დეფიციტის წინაშე არ დგას, რის გამოც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მეტ ყურადღებას ენერგეტიკულ საკითხებზე ამახვილებს. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევით კრიზისების თავიდან აცილება ჯერ კიდევ მათ დაწყებამდეა შესაძლებელი.

„არსებობს კიდევ ერთი გამოწვევაა. ეს არის შიმშილი, რომელმაც, შესაძლოა, მრავალი ქვეყანა დააზარალოს. ყველაფერსა და ყველაზე უნდა ვიფიქროთ, რადგან ერთ პლანეტაზე ვცხოვრობთ. ჩვენ შეგვიძლია, სხვადასხვა კრიზისი ჯერ კიდევ მათ დაწყებამდე შევაჩეროთ და საფრთხეები თავიდან ავიცილოთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

28 სექტემბერს, აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრმა ტარას ვისოცკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ, დღეს უკრაინის აგრარულ სექტორში ყველაზე მძიმე ვითარებაა შექმნილი. მისივე თქმით, დიდი ოდესის (Великої Одеси) ღრმაწყლოვანი პორტებიდან ექსპორტის ორთვიანი შეჩერების გამო, უკრაინამ თავისი მარცვლეულის ნახევარზე მეტის ექსპორტზე გატანა ვერ შეძლო.

უფრო ადრე, 13 აგვისტოს უკრაინის აგრარული პოლიტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსულმა თავდასხმებმა, რომლებმაც დიდი ოდესის სამი ღრმაწყლოვანი პორტის დახურვა გამოიწვია, შესაძლოა, უკრაინის აგრარული ექსპორტი ნახევარზე მეტით – დაგეგმილი 64.4 მილიონი ტონიდან 29.6 მილიონ ტონამდე შეამციროს.

28 ივლისს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსული თავდასხმების გამო, დიდ ოდესაში შემავალმა ყველა პორტმა საიმპორტო და საექსპორტო ოპერაციები შეაჩერა. ამ დროიდან მოყოლებული, ტვირთები დუნაის პორტებსა და კონსტანცას (რუმინეთი) პორტში გადამისამართდება.

სტატიის ავტორი: ნატალია ხრიშალოვა, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი (suspilne Ukraine/ суспільне україне)

ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ოფისი

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი, 2026 წელი, 16:37 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი