ზელენსკი: დონეცკის ოლქის აღების საბოლოო ვადა რუსეთმა უკვე 15-ჯერ გადაწია
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვის დროს. კიევი, უკრაინა, 2026 წლის 24 ივნისი
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მოყოლებული, რუსეთის ლიდერმა, ვლადიმირ პუტინმა თავის არმიას დონეცკის ოლქის აღების საბოლოო ვადა უკვე 15-ჯერ დაუწესა.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა დღემდე შეპყრობილია დონბასის აღების დაუოკებელი სურვილით. მათ უკვე 15-ჯერ გამოაცხადეს რეგიონის მთლიანად აღების საბოლოო ვადა. 2022 წელს ასეთი ვადები იყო: ჯერ 31 მარტი, შემდეგ 9 მაისი, 1 ივნისი, 15 სექტემბერი და 31 დეკემბერი. 2023 წელს პუტინმა დონბასის ასაღებად კიდევ ორი ვადა დააწესა: 1 მარტი, ხოლო როდესაც ეს ვერ მოახერხა – 31 დეკემბერი. 2024 წელს კიდევ ორი ასეთი ვადა გამოცხადდა“, – აღნიშნა მან.
ზელენსკის თქმით, 2025 წელს დონეცკის ოლქის ასაღებად სამი დედლაინი არსებობდა: 1 სექტემბერი, 1 დეკემბერი და 25 დეკემბერი.
„მიმდინარე წელს რუსეთმა დონეცკის ოლქის აღების ვადა კიდევ ერთხელ გადაწია. თავდაპირველად ეს იყო 31 მარტი, შემდეგ 1 სექტემბერი, ახლა კი ბოლო ვადად 31 დეკემბერია გამოცხადებული. თუ რუსეთი ამ ომს არ დაასრულებს, მას კიდევ ერთხელ მოუწევს ამ ვადის შეცვლა. თუ პუტინი მზად არის, ამ კედელზე შეჯახებას კიდევ ერთი მილიონი თავისი ჯარისკაცი შესწიროს, მაშინ იმ მილიონმა რუსმა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის მობილიზებული და ამჟამად ბენზინის რიგებში დგას, უნდა იფიქროს იმაზე, თუ რა ბედი ეწევათ მათ მომავალში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, უკრაინამ უკვე წარადგინა ომის დასასრულებლად საჭირო ყველა წინადადება, თუმცა რუსეთმა ისინი ყოველ ჯერზე უარყო.
„გუშინ რუსეთმა კიდევ ერთხელ აშკარად აჩვენა, რომ ომის გაგრძელებას აპირებს. სწორედ ამიტომ, საჭიროა რაც შეიძლება მეტი დაბრკოლების შექმნა, რათა მას ომის გაგრძელების შესაძლებლობა არ მიეცეს“, – ამბობს ზელენსკი.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის მმართველი გუნდი მომავალ კვირებში პარტნიორებთან ერთად იმუშავებს, რათა გადაიდგას „ნაბიჯები, რომლებიც მშვიდობას მოაახლოებს“.
„წინ ინტენსიური საერთაშორისო დღის წესრიგი გველოდება. ვვარაუდობთ, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები ჩვენს მოთხოვნებს დადებითად გამოეხმაურებიან, ისევე როგორც „მსურველთა კოალიციის“ წევრები. ივნისმა და ივლისმა უკრაინისთვის შედეგები უნდა მოიტანოს, უპირველეს ყოვლისა, უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით ჩვენი საერთო ძალისხმევის ფარგლებში“, – განაცხადა მან.
ზელენსკიმ ასევე დადო პირობა, რომ რუსეთის მიერ უკრაინულ ქალაქებზე განხორციელებულ თითოეულ დარტყმას კიევი „სრულად სამართლიანი ფორმით“ უპასუხებს.
სტატიის ავტორი: ნადია სობენკო, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი (suspilne Ukraine/ суспільне україне)
ფოტოს ავტორი: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია