ზედიზედ მესამე ტიტულისთვის - რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალში „შავი ლომის“ შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
ზედიზედ მესამე ტიტულისთვის - რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალში „შავი ლომის“ შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT

22 დეკემბერს რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალში „შავი ლომი“ ისრაელის „თელავივ ჰითს“ დაუპირისპირდება და ზედიზედ მესამედ შეეცდება ტიტულის მოგებას. შეხვედრა თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყება.

„ჰითი“ „შავი „ლომისთვის“ უცხო მეტოქე არ არის – გუნდი რაგბი ევროპის სუპერთასზე ყველაზე მეტჯერ (6) „ჰითს“ შეხვდა. პირველ გათამაშებაში ქართველებმა თელავიველებს ორივე შეხვედრა ბონუსით მოუგეს – თბილისში 33:10 და ფეთაჰ თიკვაში 52:28.

2022 წელს, ჯგუფურ ეტაპზე თბილისში შეხვედრა ფრედ 25:25 დასრულდა, თელ ავივში კი ქართველები 18:24 დამარცხდნენ. ამ წაგებისთვის რევანში ორიოდე თვეში შედგა – „შავმა ლომმა“ „ჰითს“ სუპერთასის ფინალში „ავჭალაზე“ 29:17 მოუგო.

წლევანდელ გათამაშებაში, რომელიც განსხვავებული ფორმატით ჩატარდა, „ჰითთან“ ჯგუფური ეტაპის მატჩი კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში გაიმართა და „შავმა ლომმა“ დაძაბულ ბრძოლაში – 29:27 გაიმარჯვა.

ამის შემდეგ „შავმა ლომმა“ ჩელენჯ თასის გათამაშებაში გადაინაცვლა და 15 დეკემბერს, უელსში „სკარლეტსი“ დაამარცხა. იმ შეხვედრის შემადგენლობისგან განსხვავებით, სამწვრთნელო შტაბმა ფინალისთვის ოთხი ცვლილება განახორციელა.

ტრავმა მოიშუშა, მოედანს უბრუნდება და ცენტრში მერაბ შარიქაძეს შეუწყვილდება გიორგი კვესელაძე; ფრთაზე ბრუნდება სანდრო თოდუა; მეორე ფრთაზე გუნდის საუკეთესო მელელოვე, აკა ტაბუცაძე დადგება, ფულბეკის პოზიციაზე კვლავ მირიან მოდებაძეა, ღერძზე კი თენგიზ პერანიძე და ლუკა მატკავა ითამაშებენ.

კვაჭის პოზიციაზე სასტაროში ირაკლი ქვათაძეა, ბექა მამრიკიშვილმა კი სათადარიგოებში გადაინაცვლა. ბურჯებმა, დავით აბდუშელიშვილმა და გიორგი ჩხარტიშვილმა ძირითადში ადგილი შეინარჩუნეს. მეორე ხაზში ნოდარ ჭეიშვილს მიხეილ ბაბუნაშვილი შუწყვილდება, რომელმაც ტრავმა მოიშუშა. უცვლელია მესამე ხაზი – გიორგი კერვალიშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი და ლუკა ივანიშვილი.

მამრიკიშვილის გარდა მარქაფაში გადაინაცვლა შუამარბმა თორნიკე კახოიძემ. ტრავმა მოიშუშა და თამაშს სათადარიგო სკამიდან იწყებს ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილი. კვლავ შეცვლაზე არიან ბურჯი ალიკო შამილიშვილი, მეორეხაზელი დემურ ეფრემიძე, მესამეხაზელი საბა კურტანიძე, ჰავბეკი გიორგი მარგალიტაძე, და უკანახაზელი ლუკა ცირეკიძე.

„შავი ლომი“

ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. გიორგი კერვალიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. ბექა მამრიკიშვილი, 17. ალიკო შამილიშვილი, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. დემურ ეფრემიძე, 20. საბა კურტანიძე; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. თორნიკე კახოიძე, 23. ლუკა ცირეკიძე.