ზაზა სარალიძეზე გაკეთებული განცხადების გამო, გორის მერის თანაშემწის მიმართ ადმინისტრაციულ-დისციპლინური საქმის წარმოება დაიწყო
ზაზა სარალიძეზე გაკეთებული განცხადების გამო, გორის მერის თანაშემწის მიმართ ადმინისტრაციულ-დისციპლინური საქმის წარმოება დაიწყო

ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძისა და მამის, ზაზა სარალიძის შესახებ სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადების გამო, გორის მერიამ მერის თანაშემწე კახაბერ ბლიაძის მიმართ ადმინისტრაციულ-დისციპლინური საქმის წარმოება დაიწყო.

საქმე ეხება „ფეისბუქში“ ბლიაძის მიერ რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნებულ სტატუსს, სადაც ის ზაზა სარალიძესა და ხორავას ქუჩაზე მოკლულ მის შვილს შერაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენიებს.

„მედალს ორი მხარე აქვს: პირველი, ვინ ყიყინებს და გვერდით ვინ უდგას. მეორე, არც თვითონ ეგ კაცი მყავს და არც ის ცხონებული იყო ანგელოზი. ნუ დაგავიწყდება, ეგ კონფლიქტი საიდან და რისთვის დაიწყო, რომელიც მკვლელობით დამთავრდა და არ ღირს, მაგ საქმის შედარება იმ მკვლელობებთან, რომლებსაც ის ხალხი ახორციელებდა, ვინც ეს აქციები წამოიწყო“ – ეს არის ამონარიდი ბლიაძის პოსტიდან, რომელსაც თან მოჰყვება შეურაცხმყოფელი ფრაზები.

საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე გაკეთებულ განცხადებას მოგვიანებით ბლიაძემ ნაწილობრივ არაკორექტული უწოდა.

„მინდა განმარტება გავაკეთო ჩემს კომენტართან დაკავშირებით. სხვადასხვა ძალებისა და პირების მიერ ზაზა სარალიძის მდგომარეობის გამოყენებამ გამოიწვია ჩემი გაღიზიანება, რის გამოც კომენტარებში, აღელვების ნიადაგზე, დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რომელიც, შესაძლოა, ნაწილობრივ არაკორექტული იყო, რის გამოც ვწუხვარ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ჩემი, როგორც კახა ბლიაძის, პოზიცია, აღელვებისა და გაბრაზების ნიადაგზე გამოხატული. დავამატებ იმასაც, რომ მჯერა, ამ საქმეზე აუცილებლად დადგება სამართლიანი განაჩენი და ყველა დამნაშავე აუცილებლად აგებს პასუხს კანონის წინაშე“ – წერს კახაბერ ბლიაძე სოციალურ ქსელში.

ზაზა სარალიძე ბლიაძის სტატუსს დღეს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და გორის პროკურატურას მიმართა, კახაბერ ბლიაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს სამართლებრივი შეფასება მისცეს.

„გამოდის რომ ინციდენტის შესახებ იცის ამ ადამიანმა და საქმის კურსშია, რა მოხდა იმ დაწყევლილ დღეს.

გორის პროკურატურიდან ველი ამ პიროვნების მიერ ნათქვამი სიტყვების სამართლებრივ შეფასებას.

სამოქალაქო აქტივისტები ამ საკითხზე გორის მერს შეხვდნენ და თანაშემწის თანამდებობიდან გათავისუფლება მოსთხოვეს“, – წერს ზაზა სარალიძე „ფეისბუქში“.