ზაზა სარალიძემ რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს მიმართა - ვისაც საქართველოს მომავალი აინტერესებს, აქ უნდა იდგეს დღეს და არავითარ კონტრაქციაზე
ზაზა სარალიძემ რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს მიმართა - ვისაც საქართველოს მომავალი აინტერესებს, აქ უნდა იდგეს დღეს და არავითარ კონტრაქციაზე

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამა, ზაზა სარალიძე რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე მივიდა.

როგორც ზაზა სარალიძემ განაცხადა, პირადი პრობლემების გამო აქციაზე მისვლა დააგვიანდა.

„მადლობა მეგობრებო, თანამემამულენო, ძმებო, დებო, ჩემო დედებო, მამებო, ბოდიში იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ მოვედი. მეუღლე ცუდად არის და მაინც გამოვიპარე ცოტა ხნით, თქვენ გვერდით ვიქნები, როგორც თქვენ ხართ ჩემს გვერდით სულ. რაც შეეხება ინფორმაციას, მოთხოვნები ხომ არ იცვლებაო, რას ჰქვია მოთხოვნების შეცვლა. კაცი სიტყვას რომ იტყვის, ის არ უნდა შეასრულოს? მე ჩემს შვილს პირობა მივეცი, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება, ყველა დამნაშავის ხელის დამფარებელი დაისჯება. სისტემა უნდა დაინგრეს. რაც შეეხება ჩემი მეორე აქციაზე გადასვლის მიზეზს, იქ იდგა ჩემი მეორე შვილი, ჩემი შვილის მეგობრები. ჩემი მოთხოვნა არის ნებისმიერი ადამიანის გვერდით დადგომა. სადაც იქნება აქცია, რომელიც სოლიდარობას უცხადებს შვილმკვდარ მშობლებს, ყველას გვერდით ვიქნები. ეს ბათუმი იქნება, ქობულეთი იქნება, კახეთი იქნება, სადაც საშუალება მექნება ყველგან წავალ, სადაც ვიგრძნობ სრულ მხარდაჭერას ყველგან, ვიქნები. სისტემა უნდა დაინგრეს. სადაც სიმართლეა, იქ არის უფალი. ბრძოლა ბოლომდე, არც ერთი ნაბიჯით უკან. არც ერთი სანტიმეტრით უკან. მეუღლე ძალიან ცუდად მყავს უნდა დაგტოვოთ, განიცდის ყველაფერს, თქვენ კარგად იცით რამხელა ბრძოლის წინაშე ვდგავარ და ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებ თქვენი დახმარებით”, – განცხადა ზაზა სარალიძემ.

მისივე თქმით, მოუწოდებს პოლიტიკოსებს, სტუდენტებს, ექიმებს და ყველას, რომ გაერთიანდნენ ამ სისტემის დასამარცხებლად.

„დავამარცხოთ ეს სისტემა, რომელიც კლავს არა მარტო ჩვენ შვილებს, არამედ ანადგურებს მთელ საქართველოს. ჩვენ ვიბრძვით სამართლიანობისთვის და არა ზეწოლისთვის”, – აღნიშნა სარალიძემ.

ზაზა სარალიძემ ვაკის პარკში გამართულ აქციაზე მისვლის მიზეზი განმარტა და აღნიშნა, რომ იქ იდგნენ მისი შვილი და შვილის მეგობრები.

„მე იქ ვინც ვნახე,  ახალგაზდები, იყვნენ ძალიან დიდი საფრთხის წინაშე, იყვნენ გარკვეული პირები იქ, სახელი და გვარები ყველასი არ ვიცი, პოლიტიკოსებს ბოდიშს მოვუხდი, ყველას ვერ ვიცნობ, რადგან პოლიტიკა ჩემთვის დაინტერესება არ ყოფილა. ამ აქციის უკანაც ვიღაც დგას. პირდაპირ გეუბნებით, იქ იდგნენ ჩემი შვილის მეგობრები და ჩემი შვილი პირადად. რას ჰქვია გაყოფა-გამოყოფა, რას ჰქვია კონტრაქცია, ვისაც საქართველოს მომავალი აინტერესებს, აქ უნდა იდგეს დღეს და არავითარ კონტრაქციაზე. თავიდან ჩვეულებრივად მიმიღეს და დამაყარეს რაღაცნაირი, გაურკვეველი კითხვები, დამანებეთ, ხალხო თავიმეთქი. მეუბნებოდნენ, ჩვენთან დარჩი, ჩვენ გავიმარჯვებთ. მე აქ ვდგავარ და ვითხოვ, აქ დამიდექით და იქ რატომ უნდა დამიდგეთ. მართალია, ყველგან მივალ, მაგრამ აქ ვდგავართ ყველა შვილმოკლული მშობელი, აქ დაგვიდექით გვერდით. იმ აქციაზე ზეწოლა განახორციელეს ადამიანზე. რა მნიშვნელობა აქვს სახალხო დამცველია თუ ჩვეულებრივი ადამიანი, ჩვენ ვიბრძვით სამართლიანობისთვის და არა ზეწოლისთვის”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.