ზაზა სარალიძე - მორჩაძის დაკავებით ცდილობენ, წარმოაჩინონ, რომ მოწმემ ცრუ ჩვენებები ზეწოლის ქვეშ მისცა, რათა მისი დაკავების საფუძველი აღარ იყოს
ზაზა სარალიძე - მორჩაძის დაკავებით ცდილობენ, წარმოაჩინონ, რომ მოწმემ ცრუ ჩვენებები ზეწოლის ქვეშ მისცა, რათა მისი დაკავების საფუძველი აღარ იყოს

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე მიიჩნევს, რომ მერაბ მორჩაძის დაკავებით გამოძიება ცდილობს, საქმის ერთ-ერთი მოწმის მ.კ.-ს დაკავების საფუძველი აღარ იყოს, იმის წარმოჩენით, რომ მან ცრუ ჩვენება ზეწოლის ქვეშ მისცა.

როგორც სარალიძემ რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტებს განუცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმე არ დაუძრავს.

„გიორგი გახარიას არაფერი დაუძრავს, რა სისულელეა. ეს გადადგმული ნაბიჯები იყო სისულელე . მორჩაძე რომ დააკავეს ვიღაც, ამით ცდილობენ, მოწმის ჩვენება „გააპრავონ“, თითქოს მან ზეწოლის ქვეშ მისცა ცრუ ჩვენებები სასამართლოს, რომ მისი დაკავების საფუძველი აღარ ჰქონდეთ“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ამასთან, ზაზა სარალიძე იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომას მოითხოვს.

„ვითხოვ, ასევე წულუკიანის გადადგომას იქიდან გამომდინარე, რომ შოთაძე გაუშვა ტაშ-ფანდურით, ტაში დაუკრა. გუშინ კომენტარიც წავიკითხე, არ უნდა გადამდგარიყოო. თუ არ უნდა გადამდგარიყო, არ გადამდგარიყო, რა პრობლემაა და თუ გადადგა, პასუხისგებაში რატომ არაა მიცემული იმ დანაშაულისთვის, რა დანაშაულიც ჩაიდინა“, – განაცხადა სარალიძემ.

მისი თქმით, დაუჯერებელია, რომ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ არ იცოდა აღნიშნულის შესახებ.

„ვინმეს სჯერა, რომ შოთაძემ არ იცოდა ამ საქმის ამბავი და საქმე როგორ იკერებოდა. წულუკიანის არჩეული მეხუთე პროკურორია მგონი, რომელმაც არ გაამართლა. ე.ი. არ არის კომპეტენტური ამ საქმეში და უნდა წავიდეს“, – განაცხადა ზაზა სარალძემ.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებულ მერაბ მორჩაძეს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინა. მორჩაძეს ბრალი ედება სსკ-ის 372-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც მოწმეზე ზემოქმედებასა და სანაცვლოდ ფულის შეთავაზებას გულისხმობს. მორჩაძე საქმის ერთ-ერთი მოწმის მ.კ.-ს ახლობელია.