ზაზა ლომინაძე - ისრაელის ქნესეთის წევრებთან სოციალური და ჯანდაცვის საკითხების მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურებაზე ვიმსჯელეთ
ზაზა ლომინაძე - ისრაელის ქნესეთის წევრებთან სოციალური და ჯანდაცვის საკითხების მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურებაზე ვიმსჯელეთ

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე ისრაელის სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს, ქნესეთის დელეგაციის წევრებს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საუბრის ძირითადი თემები იყო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობები. საუბარი შეეხო სოციალურ სფეროში არსებულ გამოწვევებს, ყურადღება გაამახვილეს ისრაელის გამოცდილებაზე სხვადასხვა სოციალურად აქტუალური საკითხის გადაწყვეტის მიმართულებით.

მხარეებმა ისაუბრეს კოვიდის მართვის და ვაქცინაციის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე. განიხილეს ისრაელსა და საქართველოს შორის მედიცინის სფეროში სამომავლო ურთიერთობები.

„ვისაუბრეთ ჩვენი საპარლამენტო და სამთავრობო ურთიერთობების შესახებ. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ არაერთი ვიზიტი განხორციელდა როგორც საქართველოდან ისრაელში, ასევე ისრაელიდან საქართველოში, რაც ხელს უწყობს ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას ეკონომიკის, აგრარულ საკითხებში და მათ შორის აქტიურად წამოვწიეთ სოციალურ და ჯანდაცვის საკითხებში ურთიერთობის გააქტიურება მომავლისთვის“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე და ისრაელის ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.