ზაზა ხუციშვილი - არ დავასახელებ იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც რამდენჯერმე მითხრეს, დროზე წაიღეთ ეს პარლამენტი თბილისშიო
ზაზა ხუციშვილი - არ დავასახელებ იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც რამდენჯერმე მითხრეს, დროზე წაიღეთ ეს პარლამენტი თბილისშიო

დღეს მე არ დავასახელებ იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც რამდენჯერმე მითხრეს, დროზე წაიღეთ ეს პარლამენტი თბილისშიო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ზაზა ხუციშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქუთაისის პარლამენტის შენობის ხარჯებით ხელისუფლებას შეეძლო, დევნილები ბინებით უზრუნველეყო.

ამასთან, როგორც ზაზა ხუციშვილმა აღნიშნა, ქუთაისში მდებარე საკანონმდებლო ორგანოს შენობის შენახვა წელიწადში ორნახევარი მილიონი ლარი ჯდება.

„ცუდია, თუ ოპოზიციონერი დეპუტატები ტოვებენ დარბაზს. ყოველთვის პატივს ვცემ პირად საუბარს და არასდროს არ გამომაქვს საჯაროდ, ამიტომ დღეს არ დავასახელებ იმ დეპუტატების სახელებს, რომლებმაც პირადად ჩემთან საუბარში რამდენჯერმე მითხრეს, რომ დროზე წაიღეთ ეს პარლამენტი თბილისშიო, ამას არ გავაკეთებ, ამ გვარებსა და სახელებს ნამდვილად არ ვიტყვი დღეს.

ქვეყანას ჰყავს დაახლოებით 273 ათასი დევნილი. ჩვენი სახელმწიფო დღესდღეობით აშენებს ორი ათას ბინას და გადასცემს მათ. იქმნება ახალი ოჯახები, რომლებიც ასევე ატარებენ დევნილის სტატუსს. მე მინდა ასევე ჩვენს ძვირფას გაწამებულ ხალხს, რომლებმაც დაკარგეს თავიანთი საცხოვრებლები და წამოსული არიან თავისი ძირძველი მიწიდან, ვუთხრა, რომ ამ პარლამენტის 360 მილიონით ნახევარზე მეტი მიიღებდა ბინას. პარლამენტის ქუთაისში გადმოტანით ხარჯის გარდა, არაფერი მიგვიღია. ყველა ხარჯს, რომელიც არის გაწეული, იხდის ქართული სახელმწიფო, ეს არის ერთი ჯიბიდან ამოღება და მეორეში ჩადება, რომელსაც რეალურად არანაირი პროდუქტის შექმნის პოტენციალი არ აქვს. დაახლოებით ორნახევარი მილიონი ჯდება წელიწადში ამ შენობის შენახვა“, – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

ამასთან, როგორც უმრავლესობის დეპუტატმა აღნიშნა, როდესაც 2012 წელს სახელმწიფო მმართველობა „ქართულმა ოცნებამ“ გადაიბარა, აღმოჩდა, რომ პარლამენტის მშენებლობაზე არავითარი დოკუმენტაცია არ არსებობდა.