ზაზა გაბუნია - როგორც ჩანს, პრეზიდენტი საპარლამენტო ანგარიშისთვის სასურველ მომენტს ელოდება, ეს მისი არჩევანია, მაგრამ ვერ მოვუწონებდი
ზაზა გაბუნია - როგორც ჩანს, პრეზიდენტი საპარლამენტო ანგარიშისთვის სასურველ მომენტს ელოდება, ეს მისი არჩევანია, მაგრამ ვერ მოვუწონებდი

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია ვარაუდობს, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკანონმდებლო ორგანოში ანგარიშით გამოსვლისთვის კონკრეტულ მომენტს ელოდება.

როგორც ჟურნალისტებს გაბუნიამ განუცხადა, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით კონსულტაციები ამ დრომდე არ გამართულა.

„წელს საპრეზიდენტო არჩევნებია, არ ვიცი, რატომ, მაგრამ პრეზიდენტს მიაჩნია, რომ თუკი საპარლამენტო ტრიბუნას გამოიყენებს, ეს საპრეზიდენტო მარათონში წაადგება. როგორც ჩანს, ეს მისი აღქმაა, მაგრამ რეგლამენტი არსებობს, რომელსაც ყველამ პატივი უნდა ვცეთ, მათ შორის სტუმრებმაც.

სხვათა შორის, პრეზიდენტმა გამოსვლა გასულ წელსაც დააგვიანა, მაგრამ გონივრულ ვადებში ჩაეტია. ახლა ყველა ვადას გადააცილა. როგორც ჩანს, სასურველ მომენტს ელოდება, რომ
პარლამენტის წინაშე წარდგეს. ეს მისი არჩევანია, მაგრამ ვერ მოვუწონებდი, რადგან ის საქართველოს პრეზიდენტია და მისი პარლამენტის წინაშე წარდგენა პრეზიდენტის ამოცანებს უნდა უკავშირდებოდეს და არა მის ზეგინდელ ამოცანებს, როგორც შესაძლო კანდიდატისა“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

რეგლამენტის გათვალისწინებით, როგორც წესი, პარლამენტი პრეზიდენტის ანგარიშს საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე ისმენს. საგაზაფხულო სესია 6 თებერვალს გაიხსნა, თუმცა პრეზიდენტს ანგარიში საკანონმდებლო ორგანოში ამ დრომდე არ წარუდგენია.