ზაზა გაბუნია - ხელისუფლება არ მუშაობს „ნაციონალური მოძრაობის“ სტილში, როდესაც ჯერ აკავებდნენ ადამიანს და მერე იწყებოდა მტკიცებულებების შეგროვება
ზაზა გაბუნია - ხელისუფლება არ მუშაობს „ნაციონალური მოძრაობის“ სტილში, როდესაც ჯერ აკავებდნენ ადამიანს და მერე იწყებოდა მტკიცებულებების შეგროვება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია არასერიოზულს უწოდებს ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელთა იმ განცხადებებს, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკოსთა ნაწილი მირზა სუბელიანის დაკავების ფაქტს უმნიშვნელოს უწოდებდა.

როგორც გაბუნია აცხადებს, სახელმწიფო კანონის, სამართლებრივი დღის წესრიგის ფარგლებში მოქმედებს და კანონის აღსრულებისა და შვილმკვდარი მამის ინტერესების დაცვის ერთგული იქნება.

„ეს შედეგი დადგა, მათ შორის მირზა სუბელიანთან მიმართებაში და მე არ ვიტყოდი, რომ ეს არის უმნიშვნელო გადაწყვეტილება, რადგან ეს სახელი და გვარი იყო მთავარი სახელი და გვარი, რომელიც ისმოდა დემონსტრაციებსა და აქციებზე, როგორც მოწოდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, რომ დაეკავებინათ. მინიმიზირება, დამცირება ან შემცირება ამ აქტის, ამ გადაწყვეტილების, მათი მხრიდან, ვფიქრობ, არასერიოზულია, ვგულისხმობ პოლიტიკურ ნაწილს. ნებისმიერი ადამიანის, რომელთა პასუხისმგებლობა გამოიკვეთება ამ პროცესში, პასუხისგებაში მიცემა უნდა ეფუძნებოდეს საქმის სამართლებრივ მსვლელობას და არა პოლიტიკურ განცხადებებს თუ სურვილებს”, – განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება კითხვას, შემოიფარგლება თუ არა მირზა სუბელიანის დანაშაული მხოლოდ შეუტყობინებლობით და შესაძლებელია თუ არა ბრალის გადაკვალიფიცირება, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ეს საქმის მსვლელობისას გაირკვევა.

„ხელისუფლება არ მუშაობს „ნაციონალური მოძრაობის“ სტილში, როდესაც ჯერ აკავებდნენ ადამიანს და მერე იწყებოდა მტკიცებულებების შეგროვება. ეს მანკიერი პრაქტიკა არის წარსულის ნაწილი”, – განმარტა ზაზა გაბუნიამ.