ზაზა ფაჩულიამ „უორიორსი“ დაიცვა - უკანონოს არაფერს ვაკეთებთ და წესებსაც არ ვარღვევთ #1TVSPORT
„გოლდენ სტეიტ უორიორსი“ მორიგ საჩემპიონო ტიტულთან ძალიან ახლოსაა. კალიფორნიელები სუპერფინალში „ბოსტონ სელტიკსს“ 3:2-ს ამარცხებენ და ხვალ, 17 ივნისს, გამთენიისას კიდევ ერთი შეხვედრა ელით.
სანამ „უორიორსი“ ჩემპიონობისთვის იბრძვის, კლუბს და მის მენეჯმენტს მკაცრად აკრიტიკებენ, რადგან ბევრის აზრით, მათ NBA-ის სხვა გუნდებთან შედარებით უფრო მაღალი სახელფასო ჭერი აქვთ.
ამის შესახებ კი The Morning Roast-ში „გოლდენ სტეიტის“ ყოფილმა ცენტრმა, ზაზა ფაჩულიამ ისაუბრა, რომელიც ახლა გუნდის საკალათბურთო ოპერაციების კონსულტანტია.
„ჩვენ უკანონოს არაფერს ვაკეთებთ და წესებსაც არ ვარღვევთ. ვაკეთებთ იმას, რაც მისაღებია და ყველაფერი ლეგალურია. ეს კლუბის მფლობელების გამო გახდა შესაძლებელი. ძალიან ამაყი ვარ იმით, რაც ჯო ლეიკობმა და პიტერ გუბერმა (კლუბის თანამფლობელები) ამ გუნდისთვის გააკეთეს. კულტურულად, დარბაზში და მის მიღმა, არ მინახავს მფლობელები ასე ყოფილიყვნენ ჩართულები, ისინი ფიქრობენ მოთამაშეებსა და მათ ოჯახებზე. მადლობელი ვარ, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვარ“, – აღნიშნა ზაზა ფაჩულიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ შემადგენლობაში 2 საჩემპიონო ბეჭედი მოიპოვა – 2017 და 2018 წელს.