ზაურ ხალილოვი - არ გვინდოდა, ჩვენი კანდიდატის პოლიტიკურ წრეებთან ასოცირება მომხდარიყო, ამიტომ მივმართეთ სახალხო დამცველს
ზაურ ხალილოვი - არ გვინდოდა, ჩვენი კანდიდატის პოლიტიკურ წრეებთან ასოცირება მომხდარიყო, ამიტომ მივმართეთ სახალხო დამცველს

არ გვინდოდა, ჩვენი კანდიდატის ასოცირება სახელისუფლო თუ ოპოზიციურ პოლიტიკურ წრეებთან მომხდარიყო. ყველაზე ნეიტრალური ინსტიტუცია სახალხო დამცველის ოფისი გამოდიოდა და ამიტომ მას მივმართეთ, – ამის შესახებ „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა და აზერბაიჯანული თემის წარმომადგენელმა, ზაურ ხალილოვმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ომბუდსმენმა თქვა, რომ იმ კრიტერიუმებს გაითვალისწინებდა, რაც პირადად მას და სახალხო დამცველის ინსტიტუტს პრიორიტეტად მიაჩნია და გადაწყვეტილებას ასე მიიღებდა, მაგრამ მან ის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც მიიღო“, – განაცხადა ხალილოვმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა სახალხო დამცველს იზაბელა ოსიპოვას კანდიდატურის მიმართ რაიმე სახის პრეტენზია, ზაურ ხალილოვმა აღნიშნა, რომ იზაბელა ოსიპოვას კანდიდატურის მიმართ სახალხო დამცველისგან რამე სახის პრეტენზია ოფიციალურად არ გაჟღერებულა.

„არაოფიციალურად, ერთადერთი პრეტენზია ის იყო, სხვა ეთნიკურ ჯგუფს ხომ არ ეწყინებოდა, თუ ქალბატონი ბელა საბჭოს წევრი იქნებოდა, რაზეც ბოლოს, როცა პროცესში აქტიურად ჩავერთეთ, პირადად მე ყველანაირად ვანიშნე, რომ არანაირი პრობლემა არ იქნებოდა. არ გვინდოდა, ქალბატონი ბელას მიმართ რამე სახის კითხვა დარჩენილიყო და მის მიმართ მხარდაჭერამ ასეთი ფორმა იმიტომ მიიღო, როცა 70–მა ორგანიზაციამ თქვა, რომ არავის ეწყინება“, – განაცხადა ხალილოვმა

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, მუდმივად რატომ ხდება იზაბელა ოსიპოვას კანდიდატურის იგნორირება, ხომ არ არის ის რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან დაახლოებული ან მისი კანდიდატურის დასახელებით მხარდამჭერები ხომ არ გამოხატავენ რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ინტერესს, ზაურ ხალილოვმა აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში, მის კანდიდატურას რომელიმე პოლიტიკური პარტია ერთხელ მაინც წარადგენდა.

„ის რომ რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან ასოცირებული ყოფილიყო, რომელიმე პარტია მაინც დაასახელებდა“, – განაცხადა ხალილოვმა.

როგორც აზერბაიჯანული თემის წარმომადგენელმა აღნიშნა, ეთნიკური უმცირესობების გზავნილი მხოლოდ სახალხო დამცველის მიმართ გაკეთებული გზავნილი არ იყო. ეს იქნებოდა კარგი გზავნილი კონფლიქტურ ზონებში მცხოვრები ადამიანებისთვის, რომ დღეს ქვეყანაში პოლიტიკური ნება არსებობს.