„ზარიამ“ „ლესტერთან“ განაცხადი დაასახელა - მახარაძე უკრაინაში დატოვეს
ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ლუგანსკის „ზარია“ ინგლისურ „ლესტერს“ ესტუმრება, მაგრამ გუნდის ამ ჩამონათვალში ქართველი მეკარე ზაურ მახარაძე არ არის.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. 26 წლის გოლკიპერი „ზარიას“ მთავარი მეკარე იყო, მაგრამ ზაფხულში ტრავმის გამო დრო გაუცდა და გუნდის საჩემპიონო განაცხადის თავდაპირველ სიაშიც არ შეიყვანეს – ის შემდეგ დაამატეს, მაგრამ წელს ჩემპიონატში ერთი შეხვედრაც არ ჩაუტარებია.
26 წლის ქართველი მეკარე უკრაინაში გაიზარდა და ამ ქვეყნის მოქალაქე იყო, მაგრამ 2018 წელს საქართველოს პასპორტი აიღო და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში თამაშის სურვილი გამოხატა. ის ვლადიმირ ვაისმა 2018 წელს ნაკრების ავსტრიულ შეკრებაზე დაგეგმილ ამხანაგურ მატჩებზე გამოიძახა, მაგრამ არ ათამაშა. მერე კი გაირკვა, რომ ფიფა-ს მკაცრი რეგულაციების გამო, სანაკრებო შეკრებაზე მისი თამაში ვეღარ მოხერხდა.
ლუგანსკის გუნდის 19-კაციან განაცხადში საქართველოში ნათამაშები ორი ფეხბურთელია – გორის „დილას“ ყოფილი მეკარე ნიკიტა შევჩენკო და „დინამო თბილისის“ ნახევარმცველი დმიტრო ივანისენია. საქართველოდან წასვლის შემდეგ, ორივე მათგანი უკრაინის ნაკრების კანდიდატი გახდა.
ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩი დიდ ბრიტანეთში „ლესტერსა“ და „ზარიას“ 22 ოქტომბერს გაიმართება.