ზაქარია ქუცნაშვილი – ვერ დამისახელებთ ევროპის ვერც ერთ ქვეყანას, რომელშიც მოსამართლეს დევნიან, თუ მისი გადაწყვეტილება დაექვემდებარება რევიზიას სტრასბურგის სასამართლოში
ვერ დამისახელებთ ევროპის ვერც ერთ ქვეყანას, რომელშიც მოსამართლეს დევნიან და თანამდებობიდან ათავისუფლებენ, თუ მისი გადაწყვეტილება დაექვემდებარება რევიზიას სტრასბურგის სასამართლოში, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“.
„სტრასბურგის სასამართლოს ევროპის არც ერთ ქვეყანაში არ იხილავენ, როგორც მეოთხე ინსტანციის სასამართლოს, ის პრეცედენტის შემქმნელ სასამართლოდ განიხილება და აქედან გამომდინარე, ევროპულ სამართალში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები დევნისთვის აუცილებელ საფუძვლად არ აღიქმება. ეს ევროპის არც ერთ ქვეყანაში არ არის. დეპუტატებს საშუალება ექნებათ, ინდივიდუალური კენჭისყრის დროს მიიღონ ეს გადაწყვეტილება, თავიანთი სინდისიდან გამომდინარე“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.
ამ განცხადებით ზაქარია ქუცნაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რატომ არ შეიძლებოდა, გათვალისწინებულიყო ეკა ბესელიას ინიციატივა და კანდიდატისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორი ყოფილიყო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლითაც კონკრეტული მოსამართლეების მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებში ევროპული კონვენციის გარკვეული მუხლების დარღვევის ფაქტები დადგინდა, რაც ამ მოსამართლეების კონკურსში მონაწილეობას გამორიცხავდა.
მისი თქმით, ეკა ბესელიამ მეორე დამატებითი კრიტერიუმიც დაასახელა – პოლიტპატიმრების ყოლის ფაქტი და ეს კი, ძალიან სერიოზული არგუმენტია იმისთვის, რომ კანდიდატებმა კეთილსინდისიერების კრიტერიუმი ვერ გაიარონ.
„ამის დაზღვევის მექანიზმი უკვე არის კეთილსინდისიერების კრიტერიუმებში. როგორ შეიძლება, ხელი აუწიო მოსამართლეს, რომელსაც პოლიტპატიმარი ჰყავს?! ეს ხომ კეთილსინდისიერების პრინციპს არღვევს?!“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, იყო თუ არა რაიმე ტიპის კომუნიკაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან მაშინ, როცა ირაკლი კობახიძისა და ექვსი დეპუტატის მიერ მომზადებული კანონპროექტი იწერებოდა, რადგან ყოფილ თანაგუნდელებს გაუჩნდათ განცდა, რომ ეს პროექტი საბჭოს წევრებთან შეთანხმებით მომზადდა, ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ კანონპროექტის შექმნის პროცესში აქტიურად არ ყოფილა ჩართული და ამიტომ, ვერაფერს იტყვის, მაგრამ ასეთი კომუნიკაცია რომც ყოფილიყო, არ შეიძლება, ეს ბრალდების საფუძველი იყოს.
„აბა, რა ვქნათ, სასამართლო ხელისუფლების მმართველ რგოლს გავებუტოთ იმის ნიშნად, რომ არ მოგვწონს, ან დავუძმაკაცდეთ იმის ნიშნად, რომ მოგვწონს?! ეს სწორი საუბარი და მიდგომა არ არის. ძალიან ბევრს პარლამენტიც არ მოსწონს და ამის გამო პარლამენტი დავშალოთ და სახლში გავყაროთ?! ძალიან ბევრს მთავრობა არ მოსწონს, ბევრს კი მერია და საკრებულო. ეს არ არის კვალიფიციური მიდგომის გამოხატულება. ჩვენ ყველასთან უნდა ვითანამშრომლოთ და ეს თანამშრომლობა ობიექტურ კანონებზე უნდა იყოს დაფუძნებული“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.