ზამთრის ოლიმპიადაზე რუსეთის მონაწილეობის საკითხი დღეს გადაწყდება
ზამთრის ოლიმპიადაზე რუსეთის მონაწილეობის საკითხი დღეს გადაწყდება

გამოცემა Insidethegames-ის ინფორმაციით, რუსეთს 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე არ დაუშვებენ, ამასთან, ზოგიერთი რუსი სპორტსმენი ​პიონჩანგში მაინც გამოჩნდება, მაგრამ ნეიტრალური სტატუსით.

ირკვევა, რომ სისტემა, რომლითაც რუსი ოლიმპიელები შეიძლება ზამთრის თამაშებზე მოხვდნენ, დაეფუძნება იმ მოდელს, რომელსაც მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაცია მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატზე რუსი მძლეოსნების დასაშვებად იყენებდა.

ჩემპიონატში მონაწილეობის მიღებისთვის ერთ-ერთი პირობა იყო ინდივიდუალური განაცხადის წარდგენა, რომელშიც სპორტსმენს უნდა დაემტკიცებინა, რომ არ იყო ჩართული სადოპინგო მანიპულაციებში.

გარდა ამისა, 2018 წლის ოლიმპიადაზე დაშვების ერთ-ერთი უმთავრესი კრიტერიუმი იქნება შემდეგი: სპორტსმენის გვარი არ უნდა ფიგურირებდეს მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის მონაცემთა ბაზაში.

Insidethegames-ის ინფორმაციით, ამ სიაში, რომელიც მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ ნოემბერში მიიღო, ათასობით სპორტსმენის გვარი წერია, რომლებიც პიონჩანგში ვერ გაემგზავრებიან.

საბოლოოდ, საერთაშორისო ფედერაციები გადაწყვეტენ – რომელი სპორტსმენი დაუშვან ზამთრის ოლიმპიადაზე, რის შემდეგაც, ეს სიები საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა უნდა დაამტკიცოს.

რუსი სპორტსმენების 2018 წლის ოლიმპიადაში ასპარეზობის საკითხზე გადაწყვეტილებას 5 დეკემბერს, შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის სხდომაზე მიიღებენ, რომელიც თბილისის დროით 16 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.