ზაგრების „დინამოს” მწვრთნელი - ვიცოდით, უნდა მოგვეთმინა და გავიმარჯვებდით
ზაგრების „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა, ნენად ბიელიცამ საქართველოს ჩემპიონ „საბურთალოსთან“ (3:0) ჩემპიონთა ლიგის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა შეაფასა.
„ვიცოდით, რომ უნდა მოგვეთმინა და მეტოქეს დავამარცხებდით. „საბურთალო“ რომ კარგი გუნდია, ეს დღესაც გამოჩნდა – ქართველებს გოლის გატანის რამდენიმე შანსი ჰქონდათ. დასაწყისში კარგად არ გამოვიყურებოდით, მაგრამ მოედანზე დენი ოლმოსა და ბრუნო პეტკოვიჩის შესვლის შემდეგ თამაში აშკარად გამოსწორდა და ჩვენი უპირატესობა გამოიკვეთა. დღეს ჩვენ უკეთესი გუნდი ვიყავით“, – ამბობს ნენად ბიელიცა.
ზაგრების „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე უნგრულ „ფერენცვაროშს“ დაუპირისპირდება, სადაც ქართველი მცველი ლაშა დვალი თამაშობს. პირველი მატჩი 6 აგვისტოს, ზაგრებში, „მაქსიმირზე“ შედგება, ხოლო განმეორებითი – 13 აგვისტოს, ბუდაპეშტის „გრუპამა არენაზე“.
„საბურთალომ“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა ზაგრებში, „დინამოსთან“ ანგარიშით 0:3 წააგო და გათამაშებას გამოეთიშა.