„საბურთალო“ ზაგრების „დინამოსთან“ დამარცხდა
„საბურთალო“ ზაგრების „დინამოსთან“ დამარცხდა

საბურთალომ“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა ზაგრებში, „დინამოსთან“ ანგარიშით 0:3 წააგო და გათამაშებას გამოეთიშა.

ევროთასებზე მომხდარი ინციდენტის გამო, ზაგრების „დინამო“ „საბურთალოს“ „მაქსიმირზე“ ცარიელი ტრიბუნების წინაშე მასპინძლობდა.

საკადრო პრობლემების მიუხედავად, საქართველოს ჩემპიონმა ხორვატიაში თამაში აგრესიულად დაიწყო და ანგარიშის გახსნის რამდენიმე რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ ოგნიენ როლოვიჩმა და გიორგი გაბედავამ მომენტებით ვერ ისარგებლეს.

ანგარიში მეორე ნახევარში ხორვატებმა გახსნეს; სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ მეკარესთან პირისპირ მისლავ ორშიჩი დარჩა და ზუსტად დაარტყა – 1:0. 88-ე წუთზე ზაგრებელებმა სტუმართა კარი მეორედაც აიღეს: დანიელ ოლმოს ფლანგური გადაცემა ბრუნო პეტკოვიჩმა დააგვირგვინა – 2:0. საბოლოოდ კი ანგარიში 90+4 წუთზე ხორვატების ესპანელმა ლეგიონერმა, დანიელ ოლმომ დააფიქსირა – 3:0.

ამგვარად, ორი მატჩის ჯამში ხორვატიის ჩემპიონმა ანგარიშით 5:0 მოიგო და ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.

„საბურთალო“ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშა და ევროპის ლიგაზე გადაერთვება, სადაც მესამე წრეში სომხეთის ჩემპიონს, ერევნის „არარატ არმენიას“ შეხვდება.